Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებას” ვეხმარები, ცუდი კანდიდატი არ დაასახელოს


გიორგი მარგველაშვილი

„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განმარტებით, პასუხის არგაცემით კითხვაზე, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, იგი პოლიტიკურ ელიტას ეხმარება. „რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება კანდიდატს? იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის შეეპასუხება. თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ. მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებას ელოდება. ამით კი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ დახმარებას უწევს ირიბად, რათა მათ ცუდი კანდიდატი არ დაასახელონ. „ერთი მხრივ, ვეხმარები, „ქართულ ოცნებას“, რომ ცუდი კანდიდატი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავიანთ რიგებში, რომ მე დამიპირისპირდეს, მეორე მხრივ ოპოზიციას, რომ ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებასთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა პროექტის „დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე“ ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG