Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი ტრამპის თანაშემწეზე თვალთვალის შესახებ


კარტერ პეიჯი
კარტერ პეიჯი

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაასაჯაროვა მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველის ფარული თვალთვალის შესახებ, რაც იყო ნაწილი იმ მოკვლევისა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დადგენას, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჰქონდა თუ არა კონსპირაციულ მოლაპარაკებებს ადგილი კარტერ პეიჯსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მნიშვნელოვნად რედაქტირებული, 412 გვერდიანი ანგარიში საგარეო ურთიერთობების საკითხებში დონალდ ტრაპმის ყოფილი მრჩევლის, კარტერ პეიჯის თვალთვალის შესახებ პრესისათვის ხელმისაწვდომი გახდა 21 ივლისს. პუბლიკაცია შეიცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, საგარეო დაზვერვის სასამართლოს სახელზე, 2016 წელს გაგზავნილ მიმართვას, პეიჯზე თვალთვალის დაწყების ორდერისა გაცემის და შემდგომში მისი რამდენჯერმე განახლების შესახებ. საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რამდენიმე მედია ორგანიზაციამ ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე სასამართლოში შეიტანეს შესაბამისი სარჩელი. საიდუმლო დოკუმენტების შინაარსი მოწმობს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევდა, რომ პეიჯი „თანამშრომლობდა და ფარულ კონტაქტში იმყოფებოდა რუსეთის მთავრობასთან“. სასამართლოსადმი მიმართვაში, FBI ასევე წერდა, რომ „პეიჯი წარმოადგენდა „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წარმოებული მიზანმიმართული გადაბირების სუბიექტს“. აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯი, რომლის მიმართაც ოფიციალურად არანაირი ბრალდება არ არსებობს, უარყოფს რუსეთის აგენტობას. მან ტრამპის საარჩევნო კამპანია დატოვა 2016 წელს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრების შესახებ ცნობების გამოქვეყნების შემდეგ. 21 ივლისს პეიჯმა დაადანაშაულა აშშ-ის ხელისუფლების სადაზვერვო სტრუქტურები „სამოქალაქო უიფლებების დარღვევისათვის“ და საკუთარი ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ თვალთვალის შესახებ დოკუმენტები აჩვენებენ ხელისუფლების „სრულ უმეცრებას“ რუსეთთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ბოროტად გამოიყენა თავლათვალის უფლება, რათა სასამართლოსაგან მოეპოვებინა ტრამპის ყოფილი თანაშემწის კავშირების მონიტორინგის ნებართვა. თუმცა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა, ნენსი პელოსი 21 ივლისს განაცხადა, რომ დოკუმენტები ნათლად ცხადყოფენ რუსეთის კოორდინირებულ კავშირებს კარტერ პეიჯთან, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მაღალი რანგის წარმომადგენელთან, რაც პელოსის თანახმად, „მიზნად ისახავდა უკანონო და შეუფერებელი ჩარევის გზით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ძირის გამოთხრას.“

XS
SM
MD
LG