Accessibility links

ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა მოსალოდნელ შედეგებზე

ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აფრთხილებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ირანის მიმართ მტრულ პოლიტიკას სავალალო შედეგები მოჰყვება. „ბატონო ტრამპო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ამას მხოლოდ სავავალო შედეგები მოჰყვება“, - ირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „ირნას“ ცნობით, ეს სიტყვები ჰასან როჰანიმ 22 ივლისს ირანელი დიპლომატებთან შეხვედრაზე წარმოთქვა. მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადა, რომ ვაშინგტონი გადის ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან და უბრუნდება მკაცრი სანქციების პოლიტიკას. აღნიშნული ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა ირანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ქვეყენაში განხეთქილების შეტანას და სასულიერო ხელისუფლების დამხობას. აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ „ირანელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის“. ამერიკის ხმისათვის მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში მაიკ პომპეომ განახადა, რომ ვაშინგტონს სურს ირანის ქცევის შეცვლა. ოფიციალურ გამოსვლაში, 21 მაისს, მაიკ პომპეომ ჩამოაყლიბა 12 მოთხოვნა ირანის ხელისუფლებისადმი. კერძოდ, ირანმა უნდა შეაჩეროს ურანის გამდიდრების სამუშაოები და შეწყვიტოს ლიბანში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ჰისბოლაჰის დახმარება. პომპეომ გააფრთხილა ირანი, რომ თუ იგი არ შეცვლის კურსს და არ შეასრულებს ვაშინგტონის ამ მოთხოვნებს, მას თავს დაატყდება„ისტორიის მანძილზე ყველაზე მკაცრი სანქციები“.

ყველა ახალი ამბავი

ავღანეთში, მეჩეთში მოწყობილ აფეთქებებს 30 ადამიანი ემსხვერპლა

თითქმის 30 ადამიანი მოკლეს ავღანეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვისას მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, 18 ოქტომბერს, განაცხადა პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სოჰრაბ ყადერის თქმით, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიხოცა და ასზე მეტი დაშავდა მასქა მენას რაიონში, ნანგარჰარის პროვინციაში. არ არის ცხადი, როგორ მოხდა აფეთქება. ერთი ცნობით, მეჩეთს ჭურვი მოხვდა. სხვა ინფორმაციით, მეჩეთში ორი აფეთქება მოხდა და ნანგრევებმა ქვეშ მოიყოლა მლოცველები.

ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ათაულა ხოგიანიმ განაცადა, რომ მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა აფეთქების შედეგად. ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორმა, ზარღონ შაჰმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოკლულია 32 პირი და დაშავებული - 60. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია.

პაკისტანმა შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში არ შეუშვა ჟურნალისტების უფლებადამცავი ჯგუფის ხელმძღვანელი

ჟურნალისტთა მხარდაჭერის კომიტეტის კოორდინატორი აზიაში, სტივენ ბატლერი

პაკისტანმა შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში არ შეუშვა ჟურნალისტების უფლებადამცავი ჯგუფის, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის კოორდინატორი აზიის ქვეყნებში. ამის თაობაზე 18 ოქტომბრებს განაცხადა ჯგუფის დირექტორმა.

სტივენ ბატლერი არ შეუშვეს ალამა იღბალის საერთაშორისო აეროპორტში, ლაჰორში, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მოქმედი ვიზა. იგი უკან, აშშ-ში გააბრუნეს.

ბატლერის თქმით, მას განუმარტეს, რომ მისი გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირების სიაში იყო შეტანილი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

ორგანიზაციის დირექტორმა, ჯოელ საიმონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბატლერის არშეშვება „აღმაშფოთებელია“ და „სილის გაწვნაა“ მათთვის, ვისაც პაკისტანში პრესის თავისუფლება ადარდებს.

მისივე თქმით, პაკისტანის ხელისუფლებმა სრულად უნდა გამოიძიონ ბატლერის ინციდენტი და გამოასწრონ შეცდომა. თუ მთავრობას სურს, დაადასტუროს, რომ თავისუფალი პრესის მომხრეა, ეს საქმე სწრაფად უნდა გამოიძიონ, დასძინა საიმონმა.

ბატლერი უნდა დასწრებოდა პაკისტანში ადამიანის უფლებების დაცვის გზამკვლევის კონფერენციას, რომელიც შაბათ-კვირას იმართება პაკისტანში.

ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ორგანიზაცია პაკისტანს მოუწოდებს, თებერვლამდე განახორციელოს ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გეგმა

FATF-ის პლენარული სხდომა პარიზში, 2019 წლის 18 ოქტომბერი

საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საფინანსო ზომებს შეიმუშავებს, პაკისტანს თებერვლამდე აძლევს ვადას, განახორციელოს ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ოპერაციები საერთაშორისოდ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია ზომებს თვითონ მიმართავს .

„FATF-ი მკაცრად აფრთხილებს პაკისტანს, 2020 წლის თებერვლისთვის სწრაფად დაასრულოს სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ 18 ოქტომბერს, ხუთდღიანი შეხვედრის შემდეგ.

„სხვა შემთხვევაში, თუ არ დაინახა არსებითი წინსვლა სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში, ორგანიზაცია მიმართავს ზომებს“, ავრცელებს განცხადებას FATF-ი.

ორგანიზაციამ შარშან მოათავსა პაკისტანი ტერორიზმის დამფინანსებელი სუბიექტების „რუხ“ სამეთვალყურეო სიაში, რათა პაკისტანს შეეწყვიტა გასამხედროებული ჯგუფების სავარაუდო დაფინანსება.

FATF-ს 35 წევრი სახელმწიფო ჰყავს და ორი რეგიონული ორგანიზაცია აქვს. ის ბანკებისა და გლობალური ინვესტორებისგან მოითხოვს, არ გასცენ საფინანსო სესხები ქვეყნებზე, რომლებიც „რუხ“ სიაში არიან.

ორგანიზაციის ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ზეწოლას ისლამაბადზე, შებრძოლებოდა ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას.

"ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზთა მოკვლევის პირველად შედეგს აქვეყნებს

"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა ჭიათუარში

ჭიათურის მაღაროების მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ შიდა მოკვლევის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შემთხვევა, რომელმაც 29 წლის თანამშრომლის, გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო გამოწვეული ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით.

სავარაუდო მიზეზის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზი“ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

უბედური შემთხვევა 17 ოქტომბერს, დარკვეთის მაღაროში მოხდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, დარკვეთის მაღარო, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბოლოს შემოწმდა 2 თვის წინ და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის აქტით, უსაფრთხოების სტანდარტებს და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს.

მოკვლევის პროცესში ჩართულნი არიან პროფკავშირების წარმომადგენლები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მათი წინასწარი შეფასებით, საქმე აქვთ შრომის არასწორ ორგანიზებასთან.

დარკვეთის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას შსს იძიებს.

კვლევა: კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობამ მათი შემადგენლობა არ იცის

ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობას არასდროს გადაუმოწმებია მათი შემადგენლობა, კვლევის მონაწილეთა ნახევარმა აღნიშნა, რომ ჰქონია ზედოზირების შემთხვევა. უმეტესად ამის მიზეზი სინთეზური კანაბინოიდები („ბიო“) ან სინთეზური ჰალუცინოგენი („ენბაუმი“) იყო, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს ადიქტოლოგთა ასოციაციამ წარადგინა.

კვლევა 2019 წელს „კაქტუს-მედიის“ დაკვეთითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის ერთ-ერთი შემსრულებლის თამარ მღებრიშვილის თქმით, მომხმარებლებში დაბალია სპეციალური ტესტების საშუალებით მიღებამდე ნარკოტიკის შემოწმების პრაქტიკაც. ზოგ მათგანს კი ასეთი ტესტების არსებობის შესახებ არც გაუგია.

„რაც შეეხება ინფორმაციის მოძიების სტრატეგიებს, ისინი მიზანმიმართულად არ ეძებენ კონკრეტულ გვერდს ან ინფორმაციას, ან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს და მარტივად გუგლში ჩაწერის შედეგად პირველად ამოვარდნილ გვერდზე ნახულობენ მასალებს“, - ამბობს თამარ მღებრიშვილი.

„კაქტუს-მედიის“ დამფუძნებელი ცირა გვასალია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს მონაწილეები ვერ ასახელებდნენ ვერცერთ კვალიფიციურ სამეცნიერო ვებგვერდს, სადაც ოდესმე ინფორმაცია მოუძებნიათ ნარკოტიკული საშუალების შესახებ, რაც ზიანის შემცირებას შეუწყობდა ხელს. „ეს ზედოზირების შემთხვევების არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზია. ძირითადად ზედოზირება ხდება გამოუცდელ მომხმარებლებში. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებლები ერთმანეთს ურევენ ნარკოტიკსა და სასმელს ან რამდენიმე სხვადასხვა ნარკოტიკს, რაც ასევე სახიფათოა. ამ ადამიანებს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ არ შეიძლება კომბინაციის მიღება“, - ამბობს ცირა გვასალია.

ამ ეტაპზე, საქართველოში ნარკოტიკების წინასწარი შემოწმების ტესტები ძირითადად მუსიკის ფესტივალებზეა ხელმისაწვდომი. მათ მოხალისეთა ორგანიზაცია „მანდალა“ არიგებს.

სახალხო დამცველმა "იმედის" მიერ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

ტელეკომპანია "იმედი"

საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ფაქტი შეეხებოდა ტელეკომპანიის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც კომპანიამ კორპორატიული ინტერესის დარღვევად მიიჩნია და შრომითი ურთიერთობა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რისი ინიციატორიც „იმედი“ იყო.

მოპასუხე მხარის განმარტებით, გამოქვეყნებული სტატუსით განმცხადებელმა დაარღვია კორპორატიული კულტურის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და ტელეკომპანია „იმედის“ რეპუტაციის შელახვა გამოიწვია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრინციპი კომპანიის შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული არ არის.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, განმცხადებლის მიერ საჯარო განცხადების გამოქვეყნებით, რამდენად შეილახა კომპანიის კორპორატიული ინტერესი და რა სახის და სიმძიმის რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. ამასთან, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გავრცელების მასშტაბი, რაც გადამწყვეტი იქნებოდა იმის საზომად, გამოიწვია თუ არა საზოგადოების ფართო მასებში ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ნდობის შემცირება, რასაც ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი მოჰყვა/მოჰყვებოდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალურად სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ გამორიცხავს რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას.

სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მედიასფეროში არსებულ კონტექსტი და ტელეკომპანიის მგრძნობელობა მათ მიმართ გამოხატულ კრიტიკასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მჭიდროდ უკავშირდება ტელეკომპანიის მიმართ მაყურებელთა ნდობის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული განცხადება, კონტექსტის გათვალისწინების პირობებშიც კი, დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავდა გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

სახალხო დამცველის განმარტებით, მოპასუხემ იხელმძღვანელა გადაჭარბებული ლოიალობის სტანდარტით, რეპუტაციის დაცვის ფართო ინტერპრეტაციითა და დამდგარი/მოსალოდნელი შედეგის ზედაპირული შეფასებით, რაც ვერ გაამართლებდა განმცხადებლის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს მოპასუხე მხარის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ტელეკომპანიას, შეიმუშაოს კორპორატიული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი.

ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ 2019 წლის მაისში განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს აზრის გამოხატვის გამო. კერძოდ, იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმის გამოყენება.

"ლიბერალის" ყოფილმა ჟურნალისტებმა "პუბლიკა" დააფუძნეს

მომდევნო კვირიდან ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა "პუბლიკა" დაიწყებს ფუნქციონირებას. მას ქმნის ჟურნალისტთა ის გუნდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ონლაინგამოცემა “ლიბერალი” დატოვა.

"ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის და რაც მთავარია, მკითხველის აზრით, ვქმნიდით სანდო, კვალიფიციურ, მიუკერძოებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ მედიაკონტენტს", - წერია "პუბლიკის" ფეისბუკგვერდზე

მათი თქმით, ისინი შესთავაზებენ მკითხველს ყველა სახის მედიაკონტენტს, რომელიც სჭირდება ინფორმირებულ მოქალაქეს - ახალ ამბებს, სტატიებს, ფოტო-, ვიდეო-, აუდიომასალებს, ბლოგებს, თვალსაზრისებს, სიღრმისეულ რეპორტაჟებს.

ახალი გამოცემა 8 ჟურნალისტმა დააფუძნა. "ლიბერალის" ყოფილი რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი ორგანიზაციის დირექტორი იქნება, ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი - ახალი ამბების რედაქტორი, ხოლო თათია ხალიანი - ვებგვერდის რედაქტორად იმუშავებს.

მომდევნო კვირიდან, ვებგვერდი სატესტო რეჟიმში ჩაეშვება.

მამუკა ხაზარაძე: „მუქარის წერილის“ პროკურატურისთვის გადაცემამდე ომბუდსმენთან კონსულტაციები მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „მუქარის წერილის“ დედნის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ერთ-ერთი ვარიანტია, რომ სახალხო დამცველი ჩავრთოთ ამაში. ჩვენი იურისტები მოიფიქრებენ სქემას. მედიას ვთხოვ, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ყველა ექსპერტული დასკვნა ჩამოსულია თბილისში. ურთულესი ექსპერტიზა ჩატარდა. როდის გადავცემთ პროკურატურას წერილს, ჩვენი ადვოკატები მოგახსენებენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ეკა ეგუტიამ 10 სექტემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლონდონში დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელიც მუქარას შეიცავს.

ეკა აგუტიას განცხადებით, წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს. თუმცა, ადვოკატის განცხადებით, შიშობენ, რომ შეიძლება წერილის დედანი პროკურატურაში განადგურდეს და ამიტომ მის გადაცემას არ ჩქარობენ.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

„პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა.

პროკურატურის განცხადებით, „მამუკა ხაზარაძემ ფარატინა ფურცელი წარმოადგინა“. „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

აშშ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას დააფინანსებს

დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის ნაკრძალი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“.

USAID-ის განცხადებით, საქართველოს ეროვნული პარკები შეუფასებელი რესურსი და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა და ახალი პროგრამით, აშშ-ს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში

შეთანხმებას ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ქელერმა. ხელმოწერას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მოსკოვის ბრალდებას

მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებას, რის შესახებაც განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ, რომელიც რუსეთის საქმეებში უცხოურ ჩარევას იძიებს. კომისიის მიერ რიგი უცხოური მედიასაშუალების, მათ შორის რადიო თავისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების თაობაზე ჯეიმი ფლაიმ განაცხადა: „სახელმწიფო დუმის ბრალდებები - მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი მიზანია, ჩააჩუმოს რუსეთის დამოუკიდებელი მედია და ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვართ ჩვენი მუშაობის პროფესიონალიზმში. ჩვენ ვერ გვაიძულებენ, უარი ვთქვათ ჩვენს მისიაზე - რუსეთის მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

ბრალდებების შესახებ გუშინ განაცხადა სახელმწიფო დუმის კომისიის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარიოვმა.

მისი თქმით, უცხოეთის მედიასაშუალებებმა დაარღვიეს რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობა 8 სექტემბრის არჩევნების დღეს და ერთი დღით ადრე, დუმილის დღეს. მან ახსენა რადიო თავისუფლება, ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“, „ამერიკის ხმა“, BBC-ის რუსულის სამსახური, „მედუზა“ და „ბმხ მედია“.

დარღვევების მაგალითები პისკარიოვს არ მოუყვანია. სახელმწიფო დუმა აპირებს, როსკომნადზორს და პროკურატურას მიმართოს „რეაგირების ზომების მისაღებად“, განაცხადა პისკარიოვმა.

20-21 ივნისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული დათაშვილი და ჯავახიშვილი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 2000-2000 ლარის გირაოთი შეუცვალა პარლამენტთან, 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯავახიშვილს და თორნიკე დათაშვილს.

ორივე მათგანმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს შესახებ, ბრალდების მხარე დაეთანხმა.

ჯავახიშვილი და დათაშვილი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში ივლისის შემდეგ იმყოფებოდნენ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ეხება

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

რომან გოცირიძე: თუ დავინახეთ, რომ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ

იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, - განუცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, ამით ის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის გამოკითხვის საკითხს გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის განცხადებით, საქმეში აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

„ერთი თვე გავიდა. გამოძიებას კიდევ ვაძლევთ დროს, არ გვინდა ვიჩქაროთ. იმ შემთხვევაში, თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება. ეს პრეზიდენტმა ჩაიდინა, იცოდა თუ არა მან, ან მისი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ დანაშაული რომ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და, როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის, განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის - დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

„ლელოს“ დამფუძნებელმა გუნდის მორიგი თორმეტეული წარადგინა

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს" ახალი წევრები არიან:

1. კახა ხაზარაძე, ბიზნესმენი;

2. ნატალია ბარათელი, ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

3. ლევან ქოქიაშვილი, რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი;

4. ვაჟა სამადბეგიშვილი, ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი;

5. ლაშა მარგიანი, პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი;

6. მარიამ თავაძე, ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

7. ალექსანდრე რატიშვილი, ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი;

8. ლევან ლომთაძე,ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი;

9. გიორგი ბიჭიაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

10. გიორგი მჭედლიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი;

11. ირაკლი კუცია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

12. მარიამ აფრასიძე,სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.

მამუკა ხაზარაძემ„ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. ამ დროისთვის ორგანიზაციის 48 წევრია წარდგენილი.

პროკურატურა პრეზიდენტს "საჭიროების შემთხვევაში" გამოკითხავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს, თუ არა პროკურატურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაბარებას პატიმართა შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში.

თადუმაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთა გამოკითხვის აუცილებლობაც არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გადასაწყვეტი არაა პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარება

ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და აღსრულების მონიტორინგზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პატიმართა შეწყალების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

თალაკვაძის შეფასებით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ოპოზიციური პარტიები სამმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

"როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. ანუ, როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საკითხის გარშემო საზოგადოებაში კითხვები დღესაც არსებობს და კარგია, რომ პრეზიდენტი პროცესში პარლამენტის ჩართულობიის ინიციატივით გამოვიდა.

"დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში. ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, დაინერგა ალტერნატიული მეთოდები პატიმრობის, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიცაა ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც მაგალითად, შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ ოჯახებში გაატარონ დრო, ვფიქრობ, თვითონ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია. რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი", - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა თადუმაძე კოლეგა პროკურორებს "დიდოსტატის მარჯვენის" შესახებ რჩევას აძლევს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, რომელმაც საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები უნდა აირჩიოს.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელმაც კოლეგებს წარმატებები უსურვა და გამოსვლა რჩევით დაასრულა: „ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

შალვა თადუმაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, 9 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამ სტატუსით მოსმენისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, რაზეც შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის.

მოგვიანებით, გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ იხუმრა.

გენერალური პროკურორი "პოლიტიკურ ბოდვებზე" კომენტარს არ აკეთებს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მისი დიპლომის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ ეჭვებს პოლიტიკური ბოდვა უწოდა.

შალვა თადუმაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, დღეს, 18 ოქტომბერს, პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებაზე, რომ აუცილებელია მისი დიპლომის ნამდვილობის სრულყოფილი გამოძიება.

გენერალური პროკურორის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია ავრცელებენ ერთი და იგივე განცხადებას, თუმცა, მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ.

„ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

აშშ-ის მთავრობის დახმარებით საქართველოში ახალი საარჩევნო-პოლიტიკური პროგრამა იწყება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID) საქართველოში დაიწყო საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელება.

USAID-ის ინფორმაციით, პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პირდაპირი დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისა და შემდგომი პერიოდისთვის. პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია.

ოთხწლიანმა პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია სამი საერთაშორისო და ექვსი ქართული ორგანიზაცია: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო.

ამ ორგანიზაციებმა სხვადასხვა პროექტით ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე კონტროლის გაძლიერებას.

არასამთავრობო სექტორი გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის გამოძიებას ითხოვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.

კოალიციის შეფასებით, 9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძის განმარტებებმა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის ეჭვი.

„გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია არა მარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გარდა ამისა, „შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ განათლების შესახებ კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. მიუხედავად განმარტებისა, ბუნდოვანია, თუ სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა”.

კოალიციის განცხადებითვე, კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის, ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით.

„გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა, მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს“.

კოალიციას მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების შესახებ, ამ პროცედურის დასრულებამდე პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას, პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება და თუ დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიას უკრაინის გამო ემუქრება

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიანიჭა უფლებამოსილება, შეწყვიტოს ღვთისმსახურებისას ათენის და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს მოხსენიება, თუ ის დაიწყებს „უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შემტანი დაჯგუფების მეთაურის მოხსენიებას, ან სხვა ქმედებებით დაადასტურებს ამ განხეთქილების აღიარებას“.

12 ოქტომბერს, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლება, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრების მიერ 17 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლოცვითი და ევქარისტიული ურთიერთობა შეწყდება ელადის ეკლესიის ყველა მღვდელმთავართან, ვინც ამა თუ იმ ფორმით აღიარებს „უკრაინის არაკანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

გარდა ამისა, ლეგოიდას თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს არ მისცემს კურთხევას, მოილოცონ ელადის ეკლესიის ეპარქიის მონასტრები და სხვა წმინდა ადგილები.

ვლადიმირ ლეგოიდას განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიასთან ევქარისტიული ურთიერთობების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას აკისრებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს და იმ გარე პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა უკრაინულ ეკლესიაში შეტანილი განხეთქილების ლეგალიზება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში აღიარა. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს. მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას კვლავ თავის ნაწილად მიიჩნევს.

წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მუშა სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზი"

„ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში კომპანიის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. „ჯორჯიან მანგანეზის" წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, ამ დროისთვის მუშის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

შსს: ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

თურქეთი დათანხმდა სირიაში ოპერაციის შეჩერებას

თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე სირიაში, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს იმ ადგილების დატოვების საშუალება მიეცეს - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

როგორც პენსმა 17 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თქვა, ჩრდილოეთ სირიაში 120 საათით შეწყდება სამხედრო ოპერაცია, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები იქიდან გავიდნენ.

"ჩვენ ოპერაციას ვაჩერებთ. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება" - ეს სიტყვები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გადაწყვეტილებას ტვიტერით მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოანს და განაცხადა, რომ "მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

თურქეთმა თავისი შეტევა ცხრა დღის წინ დაიწყო, განაცხადით, რომ სურდა ტერიტორიიდან განედევნა ქურთთა ძალები.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტრამპის მიერ გასულ კვირაში მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანდა აშშ-ის ძალებს, რომლებიც იქ ქურთთა დანაყოფებს უჭერდნენ მხარს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში მებრძოლ ქურთებს მჭიდრო კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში 1980-იანი წლებიდან პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებს და რომელსაც ანკარა, ვაშინგტონი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევენ.

გორდონ სონდლანდი კონგრესის წინაშე გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე გამოდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების ფარგლებში.

მოსმენა დახურულ კარს მიღმა ტარდება, მაგრამ გამოქვეყნდა სონდლანდის შესავალი სიტყვის ტექსტი.

მასში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის იყვნენ პასუხისმგებელი, ტრამპის პირდაპირი მითითებით უნდა შეეწყოთ ხელი პრეზიდენტის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის.

სონდლანდის თქმით, ის არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ არ შეეძლო მითითებების დარღვევა და, გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ ჯულიანის შეეძლო ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობების აწყობა.

დიპლომატის სიტყვებით, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯულიანის შეუძლია წამოჭრას ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საკითხი.

ადრე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სონდლანდი უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად ცდილობდა, ზელენსკის გაეკეთებინა განცხადება, რომ უკრაინა განაახლებს ბაიდენთან დაკავშირებულ გამოძიებას.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო ეჭვის გამო, რომ ტრამპი ჯულიანისა და დიპლომატების გზით, ასევე პირადად, ახდენდა ზეწოლას უკრაინაზე, რომ ზიანი მიეყენებინა ჯო ბაიდენისთვის.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ხასიათისაა და რომ მას არაფერი დაუშავებია.

პუტინი აპირებს ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის შესახებ "ჟენევის პროტოკოლიდან" გასვლას

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილი, იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის კომპეტენციას შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოძიებაზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეულია „საერთაშორისო ვითარების მზარდი რისკებით“, ასევე "არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებით“.

განმარტებით ბარათში ცალკე მითითებულია, რომ კომისიაში არ იყო შეყვანილი რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ მის ბიუჯეტში საწევროს იხდიდა.

საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის უფლებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიებაზე, საბჭოთა კავშირმა რატიფიცირება მოახდინა 1977 წელს. თავად კომისია შეიქმნა 1949 წელს, ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში, მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.

1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჟენევის მეოთხე კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმად იქცა, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდა ყველა ქვეყნისთვის.

კონვენციის მთავარი მუხლი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უშუალოდ ომში მონაწილეთა ერთმანეთისგან გარჩევას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG