Accessibility links

ადვოკატები მარნეულის ყოფილ მერს პროვოკაციის მსხვერპლად მიიჩნევენ


თემურ აბაზოვი

მარნეულის ყოფილი მერის, წინასწარ პატიმრობაში მყოფი თემურ აბაზოვის ადვოკატებმა ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართეს, პირადად გააკონტროლოს აბაზოვის საქმის გამოძიება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა, მერაბ ჩიქოვანმა და გაგი მოსიაშვილმა განაცხადეს, რომ თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მას პროვოკაცია მოუწყვეს. ჩიქოვანის ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოქალაქე „ვიღაცაზე მუშაობდა“ და ასრულებდა გარკვეული ჯგუფის დავალებებს. მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, დაცვის მხარე მუშაობს ამ ჯგუფის გამოსავლენად და მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციას და ნეპოტიზმს და ამის გამო უპირისპირდებოდნენ გარკვეული პირები, რომლებსაც სურდათ მარნეულში პოზიციების გაძლიერება. მოსიაშვილის განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე აბაზოვს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მოგვიანებით მომხდარ პროვოკაციასთან. ადვოკატის ცნობით, თემურ აბაზოვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა სხდომის გადადების შუამდგომლობით. გაგი მოსიაშვილის თქმით, საგამოძიებო ორგანომ ორი თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვება, ამიტომ დაცვის მხარეს გარკვეულწილად გაუჩნდა იმის შიში, რომ არ მოხდეს არასწორი ან ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება მოქალაქე ელჩინ ალახვერდივის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პროკურატურის ინფორმაციით, 10 ივნისს ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მერზე განაწყენებულმა, ფეისბუქის მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა და თემურ აბაზოვის ცოლს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პროკურატურის განცხადებითვე, მოგვიანებით, ამ ქმედების გამო, „თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG