Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საელჩომ საბერძნეთში დაკარგული ორი მოქალაქიდან ერთი იპოვა


ხანძრით დამწვარი ავტომანქანები ათენის მახლობლად. 2018 წლის 24 ივლისი
ხანძრით დამწვარი ავტომანქანები ათენის მახლობლად. 2018 წლის 24 ივლისი

საქართველოს საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ეძებს ერთ მოქალაქეს. საელჩოს ინფორმაციით, უკვე მოძიებულია და უსაფრთხოდ იმყოფება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელთანაც ოჯახი დაკავშირებას ვერ ახერხებდა. ორივე მათგანის შესახებ ნათესავებმა საელჩოს ცხელი ხაზით აცნობეს.

საელჩოს ცნობითვე, 14 საათის მდგომარეობით არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა და საავადმყოფოებში გადაყვანილთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

ათენის გარეუბნებსა და რამდენიმე ახლომდებარე ქალაქის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ემსხვერპლა სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე. ყველაზე მეტი, 26 ადამიანია დაღუპული სტიქიის ეპიცენტრში, ზღვისპირა ქალაქ მატიში. ხანძრით მოცული რაიონებიდან მაშველებს ხალხი ნავებით და ვერტმფრენებით გაჰყავთ. საბერძნეთის დასახმარებლად მაშველები და ავიაცია გაგზავნეს იტალიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა. ატიკის პროვინციაში, სადაც ათენიც შედის, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წინასწარი ვერსიით, ხანძრები ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG