Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს


საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უკვე მოძიებულია და უსაფრთხოდ იმყოფება დაკარგულად მიჩნეული საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელთანაც ოჯახი დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ცნობითვე, 16 საათის მდგომარეობით არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა და საავადმყოფოებში გადაყვანილთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

ათენის გარეუბნებსა და რამდენიმე ახლომდებარე ქალაქის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ემსხვერპლა სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე. ყველაზე მეტი, 26 ადამიანია დაღუპული სტიქიის ეპიცენტრში, ზღვისპირა ქალაქ მატიში. ხანძრით მოცული რაიონებიდან მაშველებს ხალხი ნავებით და ვერტმფრენებით გაჰყავთ. საბერძნეთის დასახმარებლად მაშველები და ავიაცია გაგზავნეს იტალიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა. ატიკის პროვინციაში, სადაც ათენიც შედის, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წინასწარი ვერსიით, ხანძრები ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG