Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამციროს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეადგინა 7%. ეროვნული ბანკის განმარტებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია და შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები, ამიტომ კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა და წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ შეადგინა 6,1%, რაც პროგნოზირებულზე მაღალია ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ეროვნული ბანკის განცხადებითვე, ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც და შედეგად, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ბანკმა 5,5%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, დადებითი ტენდენციებია შენარჩუნებული საგარეო სექტორშიც. კერძოდ, მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი (28%) და ტურისტული შემოსავლები (24%) და გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18%), თუმცა, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23%).

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG