Accessibility links

ბრიტანელი მამაკაცი: "ნოვიჩოკი" სუნამოს ფლაკონში იყო, რომელიც პარტნიორს ვაჩუქე


"ნოვიჩოკით" მოწამლული ბრიტანელი მამაკაცი ინტერვიუებში ამბობს, რომ მან იპოვა სუნამოს ფლაკონი, რომელიც ამ საშიშ ნერვულ ნივთიერებას შეიცავდა და ის გადასცა თავის პარტნიორ ქალს - რომელმაც სითხე მაჯებზე დაისხა და მოგვიანებით გარდაიცვალა. 45 წლის ჩარლი როული 24 ივნისს გავრცელებულ ინტერვიუებში ამბობს, რომ უკვირს თავად როგორ გადარჩა იმ "ზეთოვან" ნივთიერებასთან შეხების შემდეგ და გლოვობს მისი პარტნიორი ქალის, 44 წლის დონ სტურჯესის გარდაცვალების ფაქტს. როული და სტურჯესი ავად გახდნენ ქალაქ ამესბერიში - რომელიც ახლოსაა სალისბერისთან, სადაც მარტში რუსეთის ყოფილი ჯაშუში და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნოვიჩოკით. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში როული ამბობს, რომ ვერ იხსენებს სად იპოვა სუნამოს შუშის ფლაკონი, თუმცა დასძენს, რომ პოვნის დროს ის ყუთში იდო და ცელოფანში იყო შეხვეული. მონათხრობით, როცა ფლაკონი სტურჯესს გადასცა, "მან ბოთლი და პროდუქტი ცნობილ ბრენდად ამოიცნო" და მაჯებზე დაისხა. "თხუთმეტ წუთში დონმა თქვა, რომ თავი ასტკივდა" და აბაზანაში ჩაწვა ჩაცმულიო, ამბობს როული. ის დასძენს, რომ მცირე რაოდენობით ნივთიერება მასაც ჰქონდა ხელზე, თუმცა ის ჩამოიბანა - "ეს ზეთოვანი ნივთიერება იყო, მას ვუყნოსე და სუნამოს სურნელი არ ჰქონდა". როულიც და სტურჯესიც ცუდად გახდნენ და იმავე დღეს, 30 ივნისს მოხვდნენ საავადმყოფოში. ​

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG