Accessibility links

ფინანსთა მინისტრი: ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური


ხაიშში 26 ივლისს მოეწყო გამოსვლა, რომლის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების იქ შესვლის მიმართ გამოთქვამდნენ პროტესტს. ხაიშში სამსახურის თანამშრომლების ჩასვლა ხე-ტყის უკანონო მოპოვებას უკავშირდება. "ინტერპრესნიუსი" იმოწმებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, სპეცნაზმის შეყვანა გახდა საჭირო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულებისთვის. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, მისცენ მათ ალტერნატიული განვითარების საშუალება. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა სვანეთში მოსახლეობის პროტესტს პოლიციის შესვლის წინააღმდეგ. მაჭავარიანის განმარტებით, სვანეთში მიმდინარე მოვლენები უკავშირდება ტყის დაცვის სტრატეგიას. მისივე თქმით, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს გადაუმუშავებელი ხის მასალის იმპორტს და ამითშეამციროს ექსპორტი. „იმპორტის ხელშეწყობა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ეკონომიკური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტყეს სჭირდება დაცვა. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ საერთოდ არაფერს არ გამორიცხავს, თუმცა გამოძიების შესახებ მეტ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG