Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია წინასაარჩევნო ბუნდოვანებაზე საუბრობს


27 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო.

დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობენ:

  • პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი.
  • მთავრობის ხელმძღვანელებმა გაატარონ შესაბამისი ზომები და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ღიად გამოხატონ პოზიცია, რომ მსგავსი ფაქტებისადმი იქნება შეუწყნარებელი დამოკიდებულება.
  • პროკურორებმა და მოსამართლებმა უზრუნველყონ, რომ არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები მიუკერძოებლად და დროულად იქნება გამოძიებული. მათ ასევე მოუწოდებენ გამოიძიონ 2016-2017 წლებში მომხდარი ინციდენტები.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ კი უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი.

დელეგაციის დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ კვლავ ბევრი საკითხი რჩება ბუნდოვანი. გარდა არჩევნების უცნობი თარიღისა, მათი თქმით, მმართველ პარტიას (ქართული ოცნება) ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს; გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია; პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. „შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს“.

დელეგაციის წევრების განცხადებით, ყველა პარტიისათვის საარჩევნო გარემო თანაბარი უნდა იყოს. ხოლო იმისთვის, რომ გადაწყდეს სახელმწიფო რესუსების გამოყენების პრობლემა, საჭიროა არსებობდეს ზედამხედველობის მექანიზმები, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG