ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 31 ივლისს, 12 საათზე ისინი აპირებენ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანონ საქმეები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება. ზვიად კუპრავა ამბობს, რომ 5 დღის განმავლობაში მათ ცენტრში 25-ზე მეტი ასეთი საქმეა შესული. მისივე განმარტებით, საქმეები მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს შეეხება. ზვიად კუპრავა ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საქმეების გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. ზაზა სარალიძე აპირებს, პრემიერ-მინისტრს მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებზეც მიაწოდოს ინფორმაცია.