Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება.

„ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, ოთხი ქართველი სამხედრო, მონაწილეობდა“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, საქონლის ქურდობით ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა. მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. „ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე. ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი”, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG