Accessibility links

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 29 ივლისს ორი პირი დააკავეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გარდაბნის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული მ.ჩ. რუსთავში, ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში დააკავეს“, ნათქვამია შს სამინისტროს ოფიციალურ ცნობაში.

სამართალდამცველებმა, რუსთავში დაკავებული მ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდაბნის რაიონში დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას კი სამ შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. გამოძიება მ.ჩ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, მიმდინარეობს, ხოლო მ.ბ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას ბრალდებით. შს სამინისტროს მტკიცებით, „ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.“ დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი

ევროკავშირი დათანხმდა, 22 მაისამდე გადაიტანოს ბრექსიტის თარიღი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში.

ევროკავშირი დათანხმდა, გადაიტანოს ბრექსიტის თარიღი იმ პირობით, თუკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 29 მარტამდე მოიწონებს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და ბრიუსელს შორის გარიგების პირობებს. თუკი ეს მოხდება, ევროკავშირი შეძლებს 22 მაისამდე გადადოს კავშირის რიგებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით.

დოკუმენტის თანახმად, 22 მაისი უკანასკნელი ვადაა. ამ დღეს გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები. თუკი ბრიტანეთი კენჭისყრამდე არ გავა ევროკავშირიდან, მისი წარმომადგენლებიც იქნებიან არჩეული, რაც გაართულებს ბრექსიტის პროცესს.

დღეს ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი. შეხვედრის მთავარი თემაა ბრექსიტის ვადის შეცვლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ითხოვა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის ვადის გადატანა 30 ივნისისთვის. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ბრექსიტი 29 მარტს უნდა შემდგარიყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილს უფლება აქვს ჩავიდეს უკრაინაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული უფლება ჩავიდეს კიევში და მონაწილეობა მიიღოს იმ საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული.

რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, რომელიც მან 21 მარტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პირველ მარტს განაახლა გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

გამოძიების განახლების შემდეგ კი რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული უფლება ნებაყოფლობით ჩავიდეს უკრაინაში, რათა მასთან თანამშრომლობით განხორციელდეს წინასასამართლო გამოძიება და პროცესუალური მოქმედებები:

„სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეუშვან ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიაზე, რათა მან ნებაყოფლობით მიიღოს მონაწილეობა საქმის გამოძიებაში“, - წერს ადვოკატი.

საუბარია უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.

22 მარტს პარლამენტი პრემიერ მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.

ინტერპელაციის ფორმატი პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

რომან გოცირიძე: თიბისი ბანკის საქმეს შესაძლოა ვუწოდოთ ანაკლიის პორტის საქმე

„როგორც ვატყობ, თიბისი ბანკთან ნაკლებად გვაქს საქმე. შეგვიძლია, რომ თიბისი ბანკის საქმის ნაცვლად, ამ საქმეს ანაკლიის პროექტის საქმე ვუწოდოთ“, - ასე ეხმაურება რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლას პარლამენტში ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

რომან გოცირიძე თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას სახელმწიფო უშლის ხელს:

„მინისტრის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანაკლიის პროექტი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ და ეს საფრთხეები, პირველ რიგში, მოდის ხელისუფლების მხრიდან. დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ანაკლიის პროექტი თავის ვადაში ვერ ჩაეტევა. ანაკლიის პროექტის ვადის გადაწევის ხანგრძლივობა, აბსოლუტურად გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს ერთი წელი, ორი, ხუთი და შესაძლოა, ეს იყოს ამ პროექტის ჩაშლაც. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, დღევანდელმა ინვესტორმა რომც გააგრძელოს საქმიანობა, როდის მოესწრება ამ პროექტის პირველი ფაზის დამთავრება?“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. ის პარლამენტში ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენებზე სასაუბროდ საკუთარი ინიციატივით მივიდა.

მაია ცქიტიშვილი: სხვა დროა. პროკურატურა არც მე და არც ივანიშვილს არ გვითანხმებს კითხვებს

„არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მაია ცქიტიშვილი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, დაესვათ თუ არა კითხვები მამუკა ხაზარაძისთვის, პროკურატურას მასთან და ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

სხვა დროა საქართველოში. პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ბატონ ბიძინასაც არ ეკითხებიან ამას. მეც ვისურვებდი, რომ კითხვები არ ყოფილიყო საერთოდ დასმული და ისეთი დამფუძნებელი ჰყოლოდა პროექტს, რომლის მიმართაც კითხვები არ ყოფილიყო. მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით 21 მარტს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ის პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

უკრაინამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ხელისუფლების მიმართ უნდობლობაში

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ხელისუფლების მიმართ უნდობლობაში. ამერიკული კომპანია Gallup-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეთა მხოლოდ 9% ენდობა ხელისუფლებას. ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკრაინა უკვე მეორე წელია პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლის მიხედვით. გამოკვლევაში მთლიანობაში 120-მდე სახელმწიფოს მაჩვენებლებია გათვალისწინებული. ყოფილ საბჭოთა კავშირში ხელისუფლებისადმი ნდობის საშუალო მაჩვენებელი 48% არის, მთელს მსოფლიოში კი - 56%. უკრაინის გარდა სხვა ქვეყნების შესახებ კონკრეტულ ციფრებს Gellup-ი არ ასახელებს.

ცქიტიშვილი:არსებობს ვერსიები, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის გაქრობა უნდა

მაია ცქიტიშვილი

კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის და მის გარშემო არსებული ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო პოზიტიურად, ვიდრე არის-აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა.

იგი ამბობს, რომ ინვესტორის ინტერესი მისთვის გასაგებია, თუმცა როცა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ გაჩნდა, სახელმწიფო იძულებული გახდა ხმამაღლა დაეწყო პრობლემებზე საუბარი და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების წინაშე არაერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში არსებული სირთულეები არანაირად არ უკავშირდება პროკურატურის დაინტერესებას „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

„ წამოვიდა ისეთი ვერსიები, რომელიც ბატონმა რომანმაც გააჟღერა(რომან გოცირიძე), რომ თურმე იმის გამო, რომ გზას ვერ ვასწრებთ, ამიტომ დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება და შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი, ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა, თითქოს პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის:

და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. იგი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე წარსდგა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე არსებული შეფერხებებისა და მთავრობის პოზიციის საკითხებზე სასაუბროდ.

ჯანდაცვის სამინისტრო: იგეგმება სოცმუშაკებისთვის ხელფასების ზრდა

„საშუალოვადიან გეგმებში სოციალური მუშაკებისთვის იგეგმება ხელფასის გაზრდა“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია.

მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოციალური მუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ჩვენი ბენეფიციარები არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ მობილიზაციას იმ რესურსების და თანამშრომლების, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე დაწყებულია: ზოგან დასრულდა,ზოგან ისევ მიმდინარეობს რემონტი. ყველა რეგიონს დაუმატეს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ დაემატება. ასევე, ჩამოაშორეს ადმინისტრაციული საქმეები სოციალურ მუშაკებს, რადგან მათი განტვირთვა მოხდეს. შემდეგ კვირაში იგეგმება სპეციალისტების ტრენინგება. ჩვენ გვყავს შიდა საბჭოც, სადაც სოციალური მუშაკებიც არიან ჩართული. სამოქმედო გეგმას ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით, მათ ვაბარებთ ანგარიშს, ისინი გვთავაზობენ წინადადებებს” - განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პაკისტანში კიდევ ორ პირს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა სტუდენტის ლინჩის წესით გასამართლებისათვის

პაკისტანელი სტუდენტი მაშალ ხანი, რომელიც ბრბომ მოკლა 2017 წლის 13 აპრილს

პაკისტანის ანტიტერორისტულმა სასამართლომ ორ ადამიანს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა ქალაქ მარდანის უნივერსიტეტის სტუდენტის, მაშალ ხანის მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

23 წლის სტუდენტი, რომელიც აბდულ უალი ხანის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ბრბომ მოკლა 2017 წლის 13 აპრილს. ის სოციალურ მედიაში „მკრეხელური შინაარსის“ მასალის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

ლინჩის წესით გასამართლებამ აღშფოთება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებაამცველებში. მათმა მწვავე რეაქციამ მთავრობას აიძულა თავდასხმის მონაწილეთა დაკავება.

ორი პირიდან, რომელთაც 21 მარტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, ერთ-ერთია მმართველი პარტიის, "ტეჰრიკ-ე-ინსააფის" წევრი. გასული წლის თებერვალში ერთ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხუთს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მაშალ ხანის მკვლელობისათვის. ამავე პროცესის დროს გაამართლეს 26 ადამიანი.

ხანზე თავდასხმამ, რომელიც მობილური ტელეფონებით გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს, შეაძრწუნა პაკისტანი. კრიტიკა შეეხო გავლენიან მუსლიმ სასულიერო პირებსაც.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაშალ ხანი უსაფუძვლოდ იქნა დადანაშაულებული მკრეხელობაში.

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა

გოგა ბითაძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

ლიგის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბ „ბუდუჩნოსტის“ „დიდმა კაცმა“ - 19 წლის ქართველმა ცენტრმა, ეს აღიარება ლიგის 2018-2019 წლების სეზონში კარგად თამაშით და მაღალი შედეგიანობით დაიმსახურა.

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულშიც შეიყვანეს და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელადაც დაასახელეს. „ბუდუჩნოსტის“ ქართველი ლიდერის მაჩვენებელი იყო 16,3 ქულა, 6,4 მოხსნა, 2 დაფარება და 0,9 პასი.

"ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს

ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ის მიესალმება ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს.

"ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. კარგია, რომ მათ ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს არჩევნები და ჩვენ ალბათ, არ დავაყენებთ იქ, სადაც კონკურენტუნარიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს , ისევე, როგორც ისინი ფიქრობენ ზუგდიდში ჩვენ კანდიდატს დაუჭირონ მხარი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია შექმნეს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინეს.

შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში 19 მაისს ჩატარდება.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის სხვა ინვესტორს არ ვეძებთ

მაია ცქიტიშვილი

„არ არსებობს არავითარი სხვა ინვესტორი, არ ვართ არავითარი ძიების პროცესში ინვესტორთან. ერთადერთი ჩვენ რასაც ვაკეთებთ დღეს ვმუშაობთ კონსორციუმთან, არსებულ ინვესტორთან და ვმუშაობთ ბანკებთან იმისთვის, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით,“- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად დაძაბული ფონისა, მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროექტი უშუალოდ „ანაკლიის კონსორციუმმა“ დაასრულოს. „მაგრამ რა თქმა უნდა იმ პირობების დაცვით, რა პირობებიც იყო, მათ შორის წინაპირობა ამ ურთიერთობისა.“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კერძოდ, რომ მათ უნდა ჰყავდეთ გამოცდილი პორტის ოპერატორი პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შემდგომ რეალიზებას და წარმატებას იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ მშენებლობის დაწყება ფსკერის დაღრმავება და 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ზედაპირზე ამოღება არ არის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება ბანკებისა და სხვა მსესხებლებისგან კაპიტალის მოზიდვის პირობების შესახებ, რათა კონკრეტული ინვესტორისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფოს საზიანოდ და გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ მოხდეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციების შესახებ.

ხელისუფლება ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების გაძლიერებას აპირებს

ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გასააქტიურებელ სამუშაობზე იმსჯელეს კონფერენციაზე, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სექსუალური ხასიათის დანაშაულების ინტერნეტსივრცეში გადანაცვლება და ადრეული ქორწინება. მისი თქმით, ადრეული ქორწინებისას სამართალდამცველები ოჯახის წევრების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემას აწყდებიან.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში განხილვის ეტაპზე მყოფი კანონპროექტის ფარგლებში, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს ეხება, შსს სპეციალურ ბაზებს შექმნის და ამ მიმართულებით კანონმდებლობასაც გაამკაცრებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვებზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც ამჟამად პარლამენტშია ინიცირებული.

„ჩვენს მიერ შემუშავებულ ბავშვის უფლებათა კოდექსში ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც დაიცავს ბავშვებს სექსუალური ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ასეთი საშინელი შემთხვევა, აქაც გვაქვს გათვალისწინებული გარკვეული მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს ამ შემთხვევაში უფრო ადვილად გადაიტანონ ეს საზარელი ამბავი“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

საია მხარს უჭერს სოცმუშაკთა გაფიცვას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას. ამის შესახებ ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია სოციალურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების სათანადოდ მიწოდებას. სამწუხარო რეალობაა, რომ წლებია, სოციალური დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემად რჩება“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული 5-საათიანი შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, სოცმუშაკებმა საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის გადაწვეტილება მიიღეს. შესაბამისი წერილით სოცმუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრს 21 მარტს მიმართეს.

როგორ სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რეალურად ჯანდაცვის სამინისტრო ორი პუნქტის შესრულებას დათანხმდა. ერთი ეს იყო მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს შექმნა და მეორე ტექნიკური საკითხების ჩამოშორება, ისიც არასრულად.

სოცმუშაკებმა მთავარი მოთხოვნები 5 პუნქტად ჩამოაყალიბეს, რომლის დაკმაყოფილების და სამართლებრივად გაფორმების შემთხვევაშიც შეწყდება გაფიცვა.

  • სერვისები არის უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარებისთვის, ამიტომ ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება. ჯამში საუბარია 27 ადამიანის დამატებაზე.
  • სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა
  • საპროცესო წარმომადგენლობა. როდესაც სოციალური მუშაკები პოლიციასა და სასამართლოში კანონიერი წარმომადგენლები არიან, რამაც პარალიზება მოახდინა სამუშაო პროცესის. საჭიროა ან საკითხის რეგულირება, ან სოცმუშაკთა მობილური ჯგუფის აყვანა, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.
  • ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება. ყველა ცენტრს 24 -საათიან რეჟიმში უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის მომსახურება, გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
  • ხელფასების ზრდა ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.

„ორშაბათიდან სოციალური მუშაკები გაიფიცებიან. თუმცა, მაღალი მორალური პასუხისმგებლობის გამო, რადგან არ გვსურს ვინმეს ზიანი მიადგეს, ბავშვთა მიმართვიანობის პროცედურების მიხედვით, და ამ პროცედურებით გაწერილ მოვალეობებზე სამუშაო საათებში სოცმუშაკები არ ამბობენ უარს, ასეთი მაგალითად არის ძალადობის დროს განცალკევების აუცილებლობა, ანუ ძალადობის შემთხვევაში, დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარს არ ვამბობთ“, - განმარტავს ქეთევან ხუციშვილი.

სოცმუშაკებს ასევე დაგეგმილი აქვთ აქციები თბილისსა და რეგიონების სამხარეო ცენტრებში.

მაია ცქიტიშვილი: აპრილში გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს, ბანკებსა და „ანაკლიის კონსორციუმს“ შორის

„სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში, გაიმართება მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს, ბანკებსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის, სადაც უნდა ვეცადოთ ჩვენი პოზიციების დაზუსტებას და ამის შემდეგ უკვე ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესახებ.

აპრილის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს თიბისი ბანკისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის გარშემო სავარაუდოდ, „საერთო ენა გამოინახება“.

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, პროექტის დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი კრედიტორების რვა პუნქტიან მოთხოვნას ეხება. სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია. ერთი შეხვედრა შედგა ერთი თვის წინ. ზუსტად ერთი კვირის წინ, ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდეს ამ რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს ითხოვს, ჩვენ 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნეს, თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მილიონ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომლებიცაა EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბანკების მოთხოვნები დეპუტატებს მაია ცქიტიშვილმა გააცნო. მოთხოვნებს შორისაა პორტის განვითარების ფაზებთან დაკავშირებული საკითხები - პორტის გაფართოება არ უნდა იყოს მიბმული რაიმე კონრეტულ თარიღზე; ტვირთბრუნვის რისკის დაფარვა - ბანკების ხედვით, ვინაიდან სესხის დაფარვის წყარო არის მხოლოდ პორტის ოპერირებისგან მიღებული შემოსავალი, ამავე დროს პროექტს არ ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი ან გადამზიდავი ხაზი, ბანკები თვლიან, რომ რისკების უზრუნველყოფა უპრიანი იქნება, რომ აიღოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით, პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა - ბანკების მოთხოვნაა, რომ მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის მოახდენს ინვესტორის კომპენსირებას, თუკი პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა დროულად არ იქნება გაკეთებული.

გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით, ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მინიმუმამდე შემცირდეს:

„ბანკების მოთხოვნის მეხუთე პუნქტია "ოქროს წილთან" დაკავშირებული მოთხოვნა. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ "ოქროს აქციით" სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ "ოქროს აქციის" და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირმა ნადირაშვილი: ძალიან ხელოვნურია, რომ გამოსვლაში არ ახსენეთ მამუკა ხაზარაძის საქმე

„მესმის, რომ გინდათ, ერთმანეთისგან გამიჯნოთ ანაკლიის პროექტი და თიბისის საქმე და ეს თქვენი სურვილი გასაგებია, მაგრამ მაინც, ძალიან ხელოვნური იყო ჩემი გადასახედიდან, რომ არც ერთხელ თიბისის საქმე, მამუკა ხაზარაძის საქმე, არ ახსენეთ“, - ასე გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტში მისულ მაია ცქიტიშვილს, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც დეპუტატებს ანაკლიის პროექტის განხორციელების დეტალები გააცნო.

„შეიძლება თქვენ მიჯნავთ თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის საქმეს, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ საზოგადოებისთვის, პოლიტიკისთვის, ინვესტორებისათვის, ეს არის ერთიანი საკითხი და რადგან კითხვები არსებობს, გეხსენებინათ მაინც. საერთოდ არ ამოიღეთ ხმა და კიდევ უფრო ამყარებთ ეჭვებს, რომ ეს ორი საკითხი ნამდვილად ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაბმული პრობლემებია“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

დეპუტატმა მინისტრს კითხვები დაუსვა თიბისი ბანკის საქმის გარშემო:

„მაინტერესებს, თქვენ როდის ჩაერთეთ თიბისის საქმეში. თქვენ ალბათ უნდა ყოფილიყავით საქმის კურსში, რომ ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, მამუკა ხაზარაძეს, გამოაცხადებდნენ ფულის გამთეთრებლად. მაინტერესებს, თქვენ ეს ყველაფერი იცოდით თუ არა, გაიარა თუ არა პროკურატურამ თქვენთან კონსულტაციები. აუხსენით თუ არა მათ, რომ ასეთი ბრალდებების წაყენება ანაკლიის პროექტსაც დააზარალებდა“.

პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი. ორივე მათგანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პროკურატურის ინტერესის საგნად ქცეულ ტრანზაქციას რაიმე კავშირი აქვს „ფულის გათეთრებასთან."

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თეა წულუკიანი არის არარაობა

„თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი?”, - ასე გამოეხმაურა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულიკიანის 20 მარტის განცხადებას.

"თეა წულუკიანი შენ ჩემი პასუხის ღირსიც კი არ ხარ მაგრამ მაინც. კარგად იცი რა დანაშაულიც ჩაიდინეთ და რას მალავთ თქვენი უღირსობით. ერთი საფრთხობელა მათხოჯი ხარ, რომელიც ქვეყნის მშვენიერებას აზიანებ სხვა არაფერიც უბრალოდ არარაობა ხარ და ეს არის და ეს!“,- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუკის გვერდზე „მამები სიმართლისთვის“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე გამსვლისას.

„თქვენ იძახით ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცეების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ? ეჭვი არსებობს? კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

"ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად, დამიბარეთ და კითხვები ვერ შეიმუშავეთ… თუ შეიქმნება მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისია, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,”- აღნიშნა თეა წულუკიანმა. კომისიის შექმნისა და იქ გამოსაკითხად მისი დაბარების შემთხვევაში, მინისტრი მზადაა პარლამენტში მივიდეს.

პანკისის ხეობაში 2017 წლის 27 დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად მისი ოჯახი და ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ცენტრი "ემპათია" ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას

ცენტრი "ემპათია" საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს გალის რაიონში მდებარე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და მათ პასუხისგებაში მიცემას "ადამიანთა უკანონო დატყვევების ფაქტებთან დაკავშირებით". ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეს პირები უნდა დაემატონ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას".

"ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ, ზოგადად, სამოქალაქო პირების დატყვევება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო ნაწილების იზოლატორებში, არაადამიანურ პირობებში, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პირინციპებს, რაზედაც საგანგებო ვიზიტის მოთხოვნით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს".

ცენტრი "ემპათია" მოითხოვს ჟენევის დისკუსიების და ყველა სხვა საერთაშორისო ფორმატში "წინა პლანზე იქნას წამოწეული ამგვარი ქმედების აკრძალვის მოთხოვნა".

2019 წლის 13 მარტიდან ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ირაკლი კვარაცხელიას სამართლებრივ დაცვას და მონაწილეობს მისი ცხედრის ექსპერტიზის პროცესში.

რომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტი

რომან გოცირიძე

"რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია. ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად ანაკლიის პროექტი ჩაფლავდა,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის დეპუტატების წინაშე გამოსვლის შემდეგ.

რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პრაქტიკულად ჩაშალა:

„თქვენ ორ წელიწადში გზას მიიყვანთ პორტამდე? რკინიგზას ააშენებთ თქვენ როდესაც ზესტაფონიდან ქუთაისამდე დამთავრებული გზა ვერ მიიყვანეთ სამი წლის განმავლობაში? თქვენ განსახლებას გააკეთებთ? იქ ადამიანები ცხოვრობენ.

ორი გზა უნდა გაიყვანოთ, საავტომობილო გზა და რკინიგზა. და ხალხმა არც კი იცის, რომ მის ეზოში თუ ბაღში გზა გაივლის. თქვენ ჩაშალეთ განსახლების გეგმა.“- განაცხადა რომან გოცირიძემ, რომლის შეფასებითაც საქართველოს მთავრობას ვალდებულებების შესრულება დროულად არ შეუძლია.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინა ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების შესახებ. მინისტრი მზადაა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხოს.

"ნაფტოგაზის" შეფი: „გაზპრომი“ ოფიციალურად იტყობინება, რომ წყვეტს უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტს

„გაზპრომმა“ ოფიციალურად დაიწყო უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ინფორმირება, რომ წყვეტს უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტს. ამის შესახებ „რბკ უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა. მისი თქმით, მომავალი წლიდან „ნაფტოგაზი“ უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემას გადასცემს დამოუკიდებელ ოპერატორს, რომელმაც გაზის ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტი უნდა გააფორმოს „გაზპრომთან“. „გაზპრომს“ არ გაუკეთებია კომენტარი კობოლევის განცხადებაზე.

ანაკლიის პორტში Hyundai-ს ამწეები დამონტაჟდება

„თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი არც ერთი წამით არ შეჩერებულა და არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა.

„გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას" - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო პროექტის დამფინანსებელ ბანკებთან.

მამუკა ხაზარაძე დღეს იმყოფებოდა სასტუმრო „თბილისი მარიოტში," სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კორეულმა კომპანიამ, Hyundai Samo Heavy Industries -მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამწეების თაობაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად გამოავლინა რამდენიმეთვიანი საერთაშორისო ტენდერით, რომლის ბოლო ეტაპზე 4 კომპანია მონაწილეობდა.

პორტისთვის გიგანტურ ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI-ი დაამონტაჟებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. საქართველოს პორტების ისტორიაში პირველად დამონტაჟდება თანამედროვე ტექნოლოგიების, ე.წ. STS ამწეები.

„ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, სცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა Hyundai Samo Heavy Industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მაია ცქიტიშვილი: ვართ დაინტერესებულნი, რომ ანაკლიის პროექტი „კონსორციუმმა“ განახორციელოს

„ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და ვართ დაინტერესებულნი, რომ ეს პროექტი განახორციელოს სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოსა და კონსორციუმთან დადებულ ხელშეკრულების განხორციელებას, ვეხმარებოდით კონსორციუმს, რომ მათ წარმატებით შეესრულებინათ ეს პროექტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ამ პოზიციაზე, ვიზიარებთ ამ პოზიციას და ამიტომაც ვართ ჩართულნი კონსორციუმთან ერთად ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში, და ვართ დაინტერესებულები არა მარტო იმით, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, არამედ ვართ დაინტერესებული იმით, რომ უშუალოდ ეს კონკრეტული ინვესტორი აღმოჩნდეს წარმატებული, ვინაიდან, ჩვენც და მათაც, ამ პროექტში ჩადებული აქვთ საკმარისი დრო, ენერგია და თანხა“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას საფრთხე არ ემუქრება, რადგან მისი სიტყვებით, ეს არის ის პროექტი, რომლის გარშემოც ისეთი საზოგადოებრივი კონსენსუსი ჩამოყალიბდა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ პროექტი ნამდვილად განხორციელდება.

პორტის მშენებლობისთვის სავარაუდო საფრთხის შექმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურა დაინტერესდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის შუამავლობას უარყოფს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში. 2019 წლის 4 მარტი

„თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უარყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან „მუქარის წერილი“ ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

„ბადრი ჯაფარიძე და მე ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“ - ასე უპასუხა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას წერილი ჯაფარიძემ მიუტანა თუ არა.

რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილი მამუკა ხაზარაძეს მიუტანა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ. ინფორმაციას თავად ჯაფარიძეც უარყოფს.

4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ასტანაში დააკავეს დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებენ ქალაქისათვის „ნურსულთანის“ დარქმევას

ყაზახეთი, 2019 წლის 21 მარტი: პოლიცია აკავებს ასტანის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეებს

ყაზახეთის პოლიციამ დააკავა 20-მდე ადამიანი, რომელიც აპროტესტებს დედაქალაქ ასტანისათვის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მინიჭებას.

ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა მას შემდეგ, რაც თითქმის 30 წელი მართავდა ამ ქვეყანას.

ასტანის მერიასთან 21 მარტს შეკრებილ დემონსტრანტებს დაუპირისპირდა ათობით ადამიანი, ვინც მხარს უჭერს ქალაქისთვის „ნურსულთანის“ დარქმევას.

ჯერ არ არის ცნობილი, წაუყენეს თუ არა ბრალდებები დაკავებულებს.

ყაზახეთის პარლამენტმა 20 მარტს დაამტკიცა კანონი დედაქალაქისათვის ნურსულთანის დარქმევის შესახებ. მანამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ასეთი ინიციატივით გამოვიდა დროებითი პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ ტოყაევი. მისივე წინადადებით, ყაზახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში მთავარ ქუჩებს უნდა მიენიჭოს ნაზარბაევის სახელი.

თეა წულუკიანი ოპოზიციას: თქვენ ხართ სუსტნი ჩემს თვალში

თეა წულუკიანი

„როგორც გუშინ, ისე დღეს თქვენი გამოსვლა, ბატონებო, ქალბატონებო იყო ძალიან სუსტი. თქვენ ხართ სუსტნი ჩემს თვალში. ეს ასეა,“- მიმართა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამთავრობო საათის დასკვნით სიტყვაში.

”მინისტრის საათი განკუთვნილია იმისთვის, რომ მოისმინოთ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რაზეც მე ვისაუბრე 45 წუთის განმავლობაში. ვაჩვენე რა გაკეთდა, რას ვაკეთებთ და მომავლის პერსპექტივა და ვისაუბრე პოზიტივზე, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტროს როგორც ყველა უწყებას წარსულში და მომავალში და აწმყოშიც შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს შეცდომები, მაგრამ ჩვენი სამინისტრო არის ერთ-ერთი წარმატებული უწყება, მიუხედავად ყველაფრისა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG