Accessibility links

რობერტ ქოჩარიანის მომხრეები მის დაპატიმრებას "პოლიტიკურ და პირად შურისძიებად" მიიჩნევენ


რობერტ ქოჩარიანი

პატიმრობაში მყოფი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მომხრეები აღშფოთებას გამოხატავენ მისი დაპატიმრების გამო და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. „ეს არის ვენდეტა, პოლიტიკური და პირადი შურისძიება, რასაც არა აქვს იურიდიული გამართლება,“ განაცხადა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ქოჩარიანის წარმომადგენელმა ვიქტორ სოღომონიანმა.

სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ქოჩარიანს, რომელიც 26 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება "კონსტიტუციური წყობის დამხობაში". ამ მუხლით სასჯელის მაქსიმალური ზომაა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტია. ის ქვეყანას სათავეში ედგა 1998-2008 წლებში. ბრალდება უკავშირდება 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ რეპრესიებს. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. ქოჩარიანმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა და საპროტესტო გამოსვლები შეწყდა.

2008 წლის მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2010 წელს ფაშინიანს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს არეულობების მოწყობის ბრალდებით. 2011 წლის მაისში ფაშინიანი ამნისტიით გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG