Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პირველად ტარდება გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის და რეგიონების ნაკრები გუნდები, ამბობს ტურნირის დირექტორი გენადი უჩუმბეგაშვილი. ჩემპიონატი მიმდინარე წლის 14-22 ნოემბერს გაიმართება და მისი ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ტურნირის დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩემპიონატის მონაწილეთა შორის იქნებიან აფხაზეთის და აჭარის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეები. „თითო გუნდში რვა მოჭადრაკე იქნება, მათი შერჩევა რეიტინგების, ასევე, დაბადების ადგილის მიხედვით მოხდება, რათა გათანაბრდეს გუნდებს შორის შანსები“, - თქვა ტურნირის დირექტორმა, რომელმაც განმარტა, რომ ყველაზე ძლიერი მოჭადრაკეები თბილისში ცხოვრობენ.

ჩემპიონატი ჩატარდება სტანდარტულ ჭადრაკში, გუნდური პრინციპით. ძირითადი დამფინანსებელი იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. უჩუმბეგაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამხარეო ადმინისტრაციები დააფინანსებენ მოჭადრაკეთა მგზავრობის ხარჯებს. ჭადრაკის ფედერაცია სპორტული შეჯიბრის ჩატარებას, კახეთში, ლოპოტაზე გეგმავს. გათვალისწინებულია როგორც ფულადი, ასევე სპეციალური პრიზები. გენადი უჩუმბეგაშვილის თქმით, სხვა ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები ჭადრაკის კლუბებს შორის ტარდება, მაგრამ საქართველოში ეს ჯერ შეუძლებელია, რადგან სულ რამდენიმე კლუბია, თან არათანაბარი შესაძლებლობებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG