Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მარიხუანის მოხმარების შესახებ "გირჩის" წევრთა სარჩელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. სადავო ნორმა, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას და ადგენს შესაბამის სანქციას. მოსარჩელეები, "გირჩის" წარმომადგენლები, ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებდნენ, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროა, მისი მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე და არ უქმნის საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ, საჯარო ინტერესს. მოსარჩელეთა განცხადებითვე, მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეს მესამე პირებისთვის. მაგალითად, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როცა ასეთი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG