Accessibility links

ბიბილოვს ასადის და შემდგომი აღიარების იმედი აქვს


ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მიიღო მისი მიწვევა „სამხრეთ ოსეთში“ ვიზიტის შესახებ. ბიბილოვმა 30 ივლისს, ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა ვიზიტი სირიაში, რომელიც გასულ კვირაში შედგა. „ეჭვგარეშეა, რომ ასადი სამხრეთ ოსეთს ეწვევა. როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, მითხრა: მომავალ შეხვედრამდე სამხრეთ ოსეთში“ - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. მისმა პრესსამსახურმა ჯერ კიდევ 31 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიბილოვმა ასადი ცხინვალში მიიწვია „რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება.“ თუმცა, სირიიდან დაბრუნებულ ანატოლი ბიბილოვს ბაშარ ასადის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ასადი ცხინვალს ეწვევა მისთვის მოსახერხებელ დროს და სირიაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით. ბიბილოვის თქმით, სირიის ხელისუფლება განწყობილია სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობით ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში. დე ფაქტო პრეზიდენტის ინფორმაციით, დაგეგმილია სირიელი ბიზნესმენების ვიზიტიც.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებითვე, სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გადადგამს ნაბიჯებს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან კონტაქტების დასამყარებლად და ასადის ხელისუფლება მზად არის ცხინვალის ინტერესები გაატაროს რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს. ბიბილოვმა დასძინა, რომ საუბარია პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობაზე.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, სირიაში ვიზიტისას მან ასადის ხელისუფლებას უსურვა ტერორიზმთან ბრძოლის წარმატებით დასრულება. ბიბილოვის თქმით, სირიაში მძიმე სიტუაციაა, თუმცა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა დასასრულს უახლოვდება და სირიის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი გათავისუფლებულია. ბიბილოვის განცხადებითვე, თავის დროზე სამხრეთ ოსეთი აწყდებოდა სახელმწიფო ტერორიზმს საქართველოს მხრიდან, ამიტომ კარგად ესმით რა სირთულეებს აწყდება სირიელი ხალხი.

30 ივლისს, ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ სირიის გარდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიც. ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს დაიწყო რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ საქმიანობის ყველა სფეროში.“

სირიამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 29 მაისს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG