Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილს გარანტირებული არა აქვს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა


თუკი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მას აუცილებლად დაუჭერს მხარს - განცხადება ამის შესახებ 31 ივლისს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ნაკლები რესურსი არც „ქართულ ოცნებას“ ექნება, თუკი პარტია პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას დაასახელებს, მაგრამ საქართველოსთვის უფრო გამართლებული იქნება, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა.

„თუ სალომე ზურაბიშვილი აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენოს თავისი თავი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება მაინცდამაინც იმ პოზიციაზე, რომ მას დაუჭიროს მხარი. თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა და საერთოდ, საქართველოსთვის დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებული პოზიტივი გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, თავისი წარსული საქმიანობის გათვალისწინებით, თავისთავად ძალიან ძლიერი კანდიდატურა იქნება და ძნელი იქნება მასთან კონკურენცია. „ყველა კანდიდატს გაუჭირდება მასთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან ბევრი პოზიტივი აქვს: თუნდაც მისი ფრანგული ბექგრაუნდი (background), როდესაც ძალიან მაღალ და პრინციპულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა; თუნდაც გაეროს მიერ მისი ირანში დესპანად მივლინება ბირთვული განიარაღების საკითხებზე და მრავალმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის თემაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს სალომე ზურაბიშვილის „პოზიტივების მცირე ჩამონათვალია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG