Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი დაიღუპა


გავრცელებული ცნობებით, სამი რუსი ჟურნალისტი დაიღუპა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი ამზადებდნენ დოკუმენტურ ფილმს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ, რომლის ვინაობაც ფართოდ ცნობილი გახდა სირიაში ამ დაჯგუფების მებრძოლებზე აშშ-ის ავიაციის მიერ თებერვალში განხორციელებული საავაციო იერიშის შემდეგ. ფრანს-პრესის სააგენტოს ცნობით, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც ჟურნალისტის მოწმობები ჰქონდათ, ქალაქ სიბიუსგან 23 კილომეტრით დაშურებულ გზაზე მოკლეს. მათი გვამები ნაპოვნია და გადატანილია გაეროს მშვიდობისდამცველთა ბაზაზე. გაუჩინარდა მძღოლი, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტები თითქოს ცარ-ის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კაგა-ბანდოროდან ბრუნდებოდნენ. ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში მყოფმა ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ ფრანს-პრესის სააგენტოს აცნობა, რომ ცარ-ში რუსეთის წარმომადგენლობას არ ჰქონდა ცნობა ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე რუსი ჟურნალისტის ყოფნის თაობაზე. ერთ-ერთი მოკლული ჟურნალისტი უკვე იდენტიფიცირებულია. ორხან ჯემალის მეუღლემ, ირინა გორდიენკომ "ინტერფაქსის" სააგენტოს აცნობა, რომ მან ქმარი ამოიცნო იმ ფოტოსურათით, რომელიც მან "დიპლომატიური არხებით მიიღო."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG