Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“


"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები ვაზიანის აეროდრომზე. 2018 წლის 1 აგვისტო
"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები ვაზიანის აეროდრომზე. 2018 წლის 1 აგვისტო

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018.“ რიგით მეოთხე წვრთნაში მონაწილეობს 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ტარდება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული და გერმანული ჯავშანმანქანები და ვერტმფრენები. მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი,“ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი.“ წელს პირველად, სწავლებაში ჩაერთვება ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია - ვერტმფრენები „შავი ქორი“ და „აპაჩი,“ რომლებიც წვრთნის დროს უზრუნველყოფენ ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება, სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარჩვევების გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია.“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური წვრთნის სცენარი მოიცავს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლით და სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა 15 აგვისტოს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG