Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი: არ დავუშვებთ ამერიკული დემოკრატიის შეურაცხყოფას


მაიკ პენსი
მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უწოდა დემოკრატიის შეურაცხყოფა. ნიუ-იორკში, კიბერუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოსვლისას პენსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იზიარებს სადაზვერვო სამსახურების დასკვნას არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა. „მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრისას მიცემული ხმები არ შეუცვლიათ, არჩევნებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი დემოკრატიის შეურაცხყოფაა, რასაც არ დავუშვებთ“ - განაცხადა მაიკ პენსმა. მან ისაუბრა ზომებზე, რომლებსაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მიმართავს საფრთხეებისგან მომავალი არჩევნების დასაცავად. პენსმა დაასახელა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში სპეციალური ჯგუფის შექმნა უცხოური ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და შიდა უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის გაძლიერება შტატების საარჩევნო სისტემების დასაცავად.

ნიუ-იორკის ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა, კირსტენ ნილსენმა რუსეთი და სხვა მოწინააღმდეგეები გააფრთხილა, შეწყვიტონ ჩარევა ამერიკულ დემოკრატიაში. ნილსენის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩარევას აღარ მოითმენს და ეს ყველას ძვირად დაუჯდება. კირსტენ ნილსენი სრულად დაეთანხმა ამერიკული დაზვერვის დასკვნას, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG