Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გადავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე


ბორჯომის ხეობა, 2017 წელი
ბორჯომის ხეობა, 2017 წელი

პირველი აგვისტოდან საქართველო, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავიდა. ძალაში შესული რეგულაციით, ქვეყანაში უსაფრთხოების ახალი სტანდარტები შემოდის და განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალ სტრუქტურას.

„პირველი აგვისტოდან ქვეყანაში მთავარი კრიზის-მენეჯერის ფუნქცია დაეკისრა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ამ სტრუქტურის პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა. “ სააგენტოს უფლებები გაეზარდა და ამბიციური გეგმების განხორციელების უფლება ეძლევა“. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 24 ივნისს დაამტკიცა, 27 ივნისს კი მას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა.

„აქამდე საგანგებო სიტუაციების მართვასა და რეაგირებაში ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, დღეიდან კი მხოლოდ ერთი უწყება იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, გარდა საომარი მოქმედებებისა და პერიოდის ან ტერორისტული აქტისა“, განმარტა მიშა ფეიქრიშვილმა. ძალაში შესული საკანონმდებლო ნორმებით, საგანგებო სიტუაციებისას სააგენტო კოორდინირებას გაუწევს ყველა დონის სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობას, განსაზღვრავს, ვინ იქნება წამყვანი და დამხმარე უწყება.

„წარმოვიდგინოთ, საქართველოს რომელიმე რეგიონში გაჩნდა ხანძარი ან თავს დაატყდა წყალდიდობა, ვითარებას აფასებდნენ სამხარეო ადმინისტრაციები თუ ადგილობრივი თვითმმართველობები, მათვე ევალებოდათ პირველადი რეაგირება. ახლა ასე აღარ იქნება“, დასძინა მიშა ფეიქრიშვილმა, “ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში უკვე დავნიშნეთ ადგილობრივი კრიზის-მენეჯერი“.

მისივე თქმით, ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ერთია რეაგირება და მეორე - ვითარების ადეკვატური შეფასება“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, კრიზის-მენეჯერებმა პირველი ტრენინგები და გადამზადება სწორედ საგანგებო მდგომარეობის ანალიზსა და შეფასებაში გაიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG