Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგში იჩივლებენ


გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გადაწყვიტეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. ადვოკატების შეფასებით, საქმის გამოძიება და სასამართლოში განხილვა უხეში კანოდარღვევებით მიმდინარეობდა, რაც საფუძვლად დაედება სტრასბურგში რამდენიმე თვეში გასაგზავნ სარჩელს. დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა როგორც ადვოკატების, ისე პროკურატურის საჩივრების განხილვაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, “საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებისა და მსჯავრდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად,“ რადგან „საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.“ უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.“

2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ მამალაძე მკვლელობას ანგარებით ამზადებდა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. მისი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად სდებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG