Accessibility links

საგამოძიებო კომისიამ თეა წულუკიანის მოსმენა დაახლოებით ათ წუთში დაასრულა


თეა წულუკიანი

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ათ წუთსაც არ გაგრძელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცედურა. კომისიის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ მათ შეკითხვები არ აქვთ, რადგან თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ გაუგებარია რა შეხება აქვს მკვლელობის საქმესთან თეა წულუკიანს და რატომ იყო საჭირო კომისიის სხდომაზე მისი დაბარება.

მხოლოდ ორი შეკითხვა აღმოაჩნდა „ევროპულ საქართველოს.“ კერძოდ, ოთარ კახიძემ თეა წულუკიანს ჰკითხა, იცნობს თუ არა მირზა სუბელიანს, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ კახიძემ წულუკიანს ჩამოუთვალა საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე გარემოება, მათ შორის ის, რომ მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა, არ ამოიღეს ფეისბუქის და ინსტაგრამის მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილს და მის დეიდაშვილს შორის, არ გაიჩხრიკა სუბელიანის და კალანდიას სახლები, არ ამოიღეს მ.კ-ს სისხლიანი ტანსაცმელი და ა.შ. ამ გარემოებების ჩამოთვლის შემდეგ, ოთარ კახიძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მას მადლობა უნდა გადაუხადოს, როგორც ეს გააკეთა შოთაძის გადადგომის შემდეგ. თეა წულუკიანი დაინტერესდა, როგორი პასუხი უნდა გაეცა - „კი, არა, ცოტა ვრცელი, თუ ცოტა მოკლე.“ მას შემდეგ რაც კახიძემ თქვა, რომ მარტივი იქნებოდა კი, ან არა კითხვაზე, დღესაც ეთანხმება თუ არა ადრინდელ შეფასებას, წულუკიანმა უპასუხა, რომ ეთანხმება. ამით დასრულდა იუსტიციის მინისტრისგან ახსნა-განმარტებების მიღება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG