Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმე: მოზარდები არ ლაპარაკობენ


საგამოძიებო კომისიის სხდომა
საგამოძიებო კომისიის სხდომა

ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა იმ ოთხი მოზარდის ნაამბობიდან, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 4 აგვისტოს გამოკითხა. თუმცა კომისიის წევრები კონფლიქტში მონაწილე და მოწმე მოზარდების ნაამბობს იმ დასკვნის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევენ, რომელიც კომისიამ ერთ თვეში უნდა გამოაქვეყნოს. როგორც კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, „არავინ მოელოდა, რომ დღეს ვინმე რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს, სენსაციურს იტყოდა“, მაგრამ გარკვეული დეტალები საშუალებას იძლევა, სწორად გაანალიზდეს მთელი პროცესი და შესაბამისი დასკვნები იქნას გამოტანილი.

საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, მუდმივად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბევრ არასრულწლოვანს „უნდა ჰქონდეს და შესაძლებელია, ჰქონდეს ინფორმაცია მომხდარის გარემოებების შესახებ“, თუმცა მოზარდები ფაქტებზე არ ლაპარაკობენ. „შესაძლებელია ეს იმის გამო, რომ ძალიან დიდი დროა გასული ამ გარემოებების შემდეგ და თავის დროზე პოლიციამ ისინი არ დაკითხა თანმიმდევრულად ანდა საერთოდ არ დაკითხა; მეორე კი, იმიტომ, რომ მათ არ სურთ ამ გარემოებებზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ 4 აგვისტოს, არასრულწლოვანთა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოკითხვების პროცესს ორშაბათს, სასჯელაღსრულების სისტემაში, რამდენიმე დაჯავებულთან გასაუბრების შემდეგ დაასრულებს. ამის შემდეგ, კომისია უკვე შეგროვებული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესს დაიწყებს. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG