Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებას „ერის მტრობად“ მიიჩნევს


„ერის მტრობა“ უწოდა, პატრიარქმა ილიამ მეორემ, ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვას, საკვირაო ქადაგებაში. ილია მეორე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტულების მიმღები პირები წნეხისა და ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

„თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია ღვთის შიში, ის გაარჩევს სად არის ბოროტი და სად - კეთილი. ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანის მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ“

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ხელშემწყობიც აღმოჩნდეს.

„ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , - განაცხდა, ილიამ მეორემ საკვირაო ქადაგებაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა.

ილია მეორემ მრევლს, მოუწოდა ყოველ დღე წაიკითხონ ბიბლიიდან თითო თავი . მისივე თქმით,წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავის წაკითხვის პრაქტიკაც დამკვიდრდება.

XS
SM
MD
LG