Accessibility links

“sHEROes” - წიგნი ომის ქალებზე


წიგნის პრეზენტაცია

ერგნეთში, „აგვისტოს ომის მუზეუში“ გაიმართა ფოტოწიგნის, “sHEROes”-ის პრეზენტაცია. წიგნის შემქმნელებმა, მწერალმა სალომე ბენიძემ და ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ, აგვისტოს ომის 10 წლისთავს დაამთხვიეს წიგნის პრეზენტაცია. წიგნისა, რომლის მთავარი გმირებიც ქალები არიან. განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

„sHEROes“ სწორედ ასეთი ქალების - რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია - დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე”, - ამბობს წიგნის ავტორი სალომე ბენიძე.

ფოტოწიგნი “sHEROes”, გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დასტამბა. ერგნეთის შემდეგ წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართება თბილისში, გორში, ტყვიავში, ბათუმსა და ქუთაისში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG