Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლის აქცია გაიმართა


აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარების გამო პასუხისმგებლობის დაწესება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ არიან თანახმა ნარკომოხმარება ქვეყანაში ისჯებოდეს, თუმცა, ამავე დროს, მარიხუანის მოხმარებას ეწინააღმდეგებიან: „არ უნდა დაიჭირონ, მათ უნდა უმკურნალონ, თუმცა ხელ-ფეხი არ უნდა გაუხსნან ნარკომომხმარებელს“, - აცხადებს აქციის მონაწილე ბელა წიფურია.

ბათუმის ეპარქიის მღვდელმსახურებმა საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადეს, როგორც აცხადებდნენ, „შვილების კეთილდღეობისთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის შენობების წინ, ღია ცის ქვეშ, სანთლები დაანთეს და ილოცეს.

საპროტესტო აქციას პოლიტიკოსებიც შეურთდნენ. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ მომხრეა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას გულისხმობს.

„გაუქმებას არ ვემხრობი, ვემხრობი რეორგანიზაციას, რომლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეუერთდება უზენაეს სასამართლოს და უზენაესმა მიიღოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

საპროტესტო აქცია, რომლითაც ბათუმის ეპარქიის მრევლმა საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ფეისბუკის მოწოდებით გაიმართა. მიტროპოლიტმა ანტისახელმწიფოებრივი უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო.

თავად მიტროპოლიტი დიმიტრი საპროტესტო აქციაზე არ გამოჩენილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG