Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა დიპლომატებმა ოძისიდან იხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ბაზა


ოძისიდან ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა
ოძისიდან ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა

პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთად იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. ევროპელმა დიპლომატებმა ოძისიდან დურბინდებით დაათვალიერეს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ქართული მხარის წარმომადგენლებმა პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს გააცნეს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, მათ შორის ე.წ. საზღვართან მავთულხლართების და სხვა ბარიერების აღმართვა, სამხედრო წვრთნები და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და დაკავების ფაქტები.

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი. ევროპელ დიპლომატებს უამბეს არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებაც.

„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებით საზღვრის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა საერთაშორისო სამართლის და უნივერსალური ღირებულებების დარღვევაა.

ოძისში ჩასვლას სიმბოლური უწოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა. მისი თქმით, პირველ ყოვლისა, საქართველოს უცხადებენ სოლიდარობას და მხარდაჭერას და ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებენ, რომ პრობლემა არ გამქრალა და ის, რაც 10 წლის წინ მოხდა - საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ნორმალურ მოვლენად არ უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს და მას მოჰყვეს შესაბამისი ზომები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.

პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოში იმყოფებიან რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო. ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG