Accessibility links

აგვისტოს ომის შედეგებზე ქართველმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში იმსჯელეს


აგვისტოს ომიდან მეათე წლისთავის გამო თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ.“ მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრეს რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგებზე, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების და მკვლელობის ფაქტებზე, ადამიანის ძირითადი, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების, განათლების და საკუთრების უფლებების უხეშად ხელყოფაზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და სოციალური კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებასა და პარალელურად, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებებზე. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ქმედებებზე ადეკვატური რეაგირების და ზეწოლის აუცილებლობაზე, რამაც შედეგად უნდა გამოიღოს რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და საქართველოს დეოკუპაცია.

სოლიდარობა მნიშვნელოვანია აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, რათა საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა. მისი თქმით, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების ხელყოფა და სასტიკი მოპყრობა, რისი მაგალითიც, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობაა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ ხაზი გაუსვა, რომ 10 წლის წინ, როცა რუსებმა გადალახეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, მსოფლიომ საფრთხე ვერ გააცნობიერა და ბოლო 4 წელია რუსეთის აგრესიას უკვე უკრაინაც ებრძვის. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, ევროკავშირის და ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ და რაც შეიძლება წინა პლანზე დააყენონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დღის წესრიგი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG