Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში იმსჯელეს აგვისტოს ომის შედეგებზე


რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოში დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გაიმართა დახურული სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებით წარსდგა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, თაი-ბრუკ ზერიუნი. დახურული სხდომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდის, საფრანგეთის, პოლონეთის და შვედეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა. განცხადების თანახმად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კარენ პირსის თქმით, რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს საქართველოს დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებას და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კარენ პირსმა რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ბრიტანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების უფლების მიმართ. კარენ პირსმა მხარეებს მოუწოდა, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გააძლიერონ ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG