Accessibility links

იუწყებიან, რომ მოშიმშილე სენცოვის მდგომარეობა "კატასტროფულია"


უკრაინელი კინორეჟისორის, ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა შიმშილობის შედეგად - იუწყებიან მისი ადვოკატი და ნათესავი. სენცოვი უკვე თითქმის სამი თვეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. სენცოვის ბიძაშვილმა, მოსკოვში დაფუძნებულმა ჟურნალისტმა, ნატალია კაპლანმა 8 აგვისტოს ფეისბუკით დაწერა, რომ ადვოკატის შუამავლობით სენცოვისგან წერილი მიიღო. "ვითარება უბრალოდ მძიმე არ არის, კატასტროფულია" - ამბობს კაპლანი და დასძენს: "იგი მწერს, რომ დასასრული ახლოსაა, და ამაში [ციხიდან] გათავისუფლებას არ გულისხმობს". სენცოვის ადვოკატმა, დმიტრი დინზემ მისი მონახულების შემდეგ თქვა, რომ სენცოვმა 30 კილოგრამამდე დაიკლო წონაში, მას ძალიან დაბალი ჰემოგლობინი აქვს, რაც ანემიას და გულისცემის შენელებას იწვევს. სენცოვს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების ხმამაღალი კრიტიკოსია, 2015 წელს მიუსაჯეს პატიმრობა, ტერორისტული აქტების ჩადენის შეთქმულების ბრალდებით - რასაც თავად სენცოვი და უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 42 წლის რეჟისორი სასჯელს იხდის რუსეთის ჩრდილოეთით, იამალო-ნენეცის რეგიონში და მაისის შუა პერიოდიდან შიმშილობს, რუსეთის მიერ უკრაინის იმ 64 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებსაც სენცოვი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG