Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაცია გრძელდება


9 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართა. ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა, ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსალოდნელია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც დაასახელებენ. მშვენიერაძის თქმით, პროფესიულ წრეებში ღირსეული კანდიდატის მოძებნის პროცესი რთული აღმოჩნდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორისგან მოესმინათ, თუ როგორ ხედავენ ისინი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესს და რა კრიტერიუმებს გულისხმობენ.

„როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა სახელებსა და გვარებზე, არამედ პროცედურასა და იმ მახასიათებლებზე მსჯელობით, რომლითაც უნდა გამოირჩეოდეს კანდიდატი. პრეზიდენტს ჰქონდა სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად დაესახელებინა კანდიდატურა, მაგრამ ჩვენ წავედით სხვა გზით. გვინდა, რომ დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ გადავალთ სახელებსა და გვარებზე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე პროფესიული წრეების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG