Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბ "ბასიანის" რეზიდენტი არტისტები მოსკოვში აღარ დაუკრავენ


კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოების პროტესტის გამო, რაც მათი რეზიდენტი მუსიკოსების მოსკოვში, "რედ ბულის" მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობას მოჰყვა, უარს ამბობენ რუსეთში წასვლაზე და ამ ფესტივალში მონაწილეობაზე.

გთავაზობთ განცხადების ნაწილს, რომელიც კლუბმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

"თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენსმხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG