Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა დააკავა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ძებნილი რუსლან შავაძე


ბათუმში დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებული რუსლან შავაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად. ამის შესახებ განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

სუსის განცხადების თანახმად, 1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე 9 აგვისტოს დააკავეს ბათუმში. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის. რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, 344 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა".

სუსის განცხადების თანახმად, ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებულ იქნა ორი ტერორისტი - იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. შოაიფ ბორზიევი დააკავეს. რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადდა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით. არსებული ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობდა საბძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩატაევმა დატოვა სირია-ერაყის ტერიტორია, რუსლან შავაძეც მასთან ერთად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG