Accessibility links

გიორგი ჭანტურიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა


რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა.

გიორგი ჭანტურიას ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო, შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, სს კოდექსის 208-ე და 236-ე მუხლების შესაბამისად. პროკურორ ლევან ჯალაღანიას მტკიცებით, საქმეზე დაკითხულია რამდენიმე მოწმე. მათი ჩვენებები ჭანტურიას მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს ადასტურებს. პროკურორმა დასძინა, რომ გამოძიების პროცესში გიორგი ჭანტურიას უნდა შეეფარდოს პატიმრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მისი მიმალვა და ასევე ჭანტურიას მიერ მტკიცებულებების განადგურება.

ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართეს. მათი პოზიციით, გიორგი ჭანტურია იმთავითვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. გიორგი ჭანტურია ბრალს არ აღიარებს. ის პირველად 2018 წლის 17 იანვარს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იყო უკანასკნელი, ვინც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობის დღეს, 2018 წლის 15 იანვარს, ნახა. მაშინ დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

გიორგი ჭანტურიას ოჯახს აქვს საკუთარი ტერიტორია "სტამბოლის ბაზარში", რომელსაც სხვადასხვა ინდმეწარმეზე აქირავებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG