ვაშინგტონში გაიმართა ნეონაცისტების და მათი მოწინააღმდეგეების აქციები. მანიფესტაცია უკავშირდებოდა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში 2017 წლის აგვისტოში მომხდარ ტრაგედიას, როცა ულტრამემარჯვენეების და მათი მოწინააღმდეგეების შეტაკებებს ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას დაეჯახა ავტომანქანა, რომელსაც ნეონაცისტური მოძრაობის წევრი მართავდა.
ამერიკელი ნეონაცისტების „გაერთიანებული მემარჯვენეების მარშის“ და კონტრაქციის მონაწილეები 12 აგვისტოს შეიკრიბნენ თეთრ სახლთან მდებარე ლაფაიეტის პარკში. უსაფრთხოების და წესრიგის დასაცავად მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი. მათ თეთრი სახლისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს და დემონსტრანტებს შორის ჩადგნენ შესაძლო დაპირისპირების აღსაკვეთად. ნეონაცისტების აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, კონტრაქციაში კი რამდენიმე ასეული. მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თეთრი რასის უპირატესობა ტერორიზმია,“ „არა ნაცისტებს.“
„გაერთიანებული მემარჯვენეების“ აქციის ორგანიზატორი, შარლოტსვილში შარშან განვითარებული მოვლენების აქტიური მონაწილე ჯეისონ კესლერი ვაშინგტონში ნეონაცისტების დემონსტრაციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებდა 400-მდე ადამიანი. აქციის დაწყების შემდეგ კესლერმა CNN-ს უთხრა, რომ ხალხის სიმცირე „ლოგისტიკურმა სირთულეებმა“ გამოიწვია. აქციები ინციდენტების გარეშე დასრულდა.