Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: უმრავლესობის ლიდერი მზად არის პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე. „მე რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა გამართოს ასეთი კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს კონსულტაციები შედგება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოლოდინი გარკვეულწილად პესიმისტურია, რაც გამომდინარეობს მოსამართლეთა გამწესებაში პრეზიდენტის წარსული მონაწილეობიდან. „ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა, ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა, ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა ნინო გვენეტაძე, რომელმაც მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის აუცილებლობა. გვენეტაძის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად.

XS
SM
MD
LG