Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ადმინისტრაციულ შეცდომად შეაფასა ამერიკელი ჟურნალისტის დაკავება

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადმინისტრაციული შეცდომა უწოდა თელ-ავივის აეროპორტში ამერიკელი ჟურნალისტის, პიტერ ბეინარტის დაკავებას. ლიბერალური ებრაული გაზეთის, „ფორვარდის“ მიმომხილველის, ისრაელში ოჯახის სანახავად ჩასული ბეინარტის დაკითხვა ერთ საათს გაგრძელდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მას ეკითხებოდნენ, არის თუ არა წევრი იმ ჯგუფებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის წინააღმდეგ ძალადობას, ან ისრაელის დემოკრატიას ემუქრებიან. ბენიამინ ნეთანიაჰუ დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს ისრაელის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა პიტერ ბეინარტის დაკითხვა და რატომ განუმარტეს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს იყო ადმინისტრაციული შეცდომა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხალხი აზრს თავისუფლად გამოხატავს. მისივე თქმით, ისრაელი ღია საზოგადოებაა, რომელიც მიესალმება როგორც მომხრეებს, ისე კრიტიკოსებს. თავის მხრივ, პიტერ ბეინარტმა განაცხადა, ბოდიშს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს მოუხდის ყველა პალესტინელს და წარმოშობით პალესტინელ ამერიკელებს. ჟურნალისტის თქმით, ის ისრაელის მხარდამჭერია, მაგრამ აკრიტიკებს პალესტინელებისადმი ისრაელის პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG