Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მის საჯარო განცხადებას უკავშირდება


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დასაკითხად მივიდა პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა უკავშირდება მისი საჯარო განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. სუს-ის ინფორმაციით, „კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეფიცულებთან ერთად აპირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში მისვლას და თავის აფეთქებას.“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე.

14 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის დაწყებამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არანაირი დანაშაული არ იკვეთება, რადგან განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და მსგავსი რამ გულში არ ჰქონია. „ჩემს ადგილას სხვა მეტსაც იტყოდა“ - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. საჯარო განცხადებიდან ორთვენახევრის შემდეგ დაკითხვაზე დაბარებას მაჩალიკაშვილი იმით ხსნის, რომ სუს-ში სურთ „რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ.“

„რა მოლოდინი უნდა მქონდეს. ეს სამყარო ამათ ჯოჯოხეთად გადამიქციეს. გინდ აქ ვყოფილვარ, გინდ იქით, სულ ფეხებზეც არა მკიდია“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG