Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის ოჯახი კვლავ დაზარალებულის სტატუსის გარეშეა


კონგოს ქალაქი გომა
კონგოს ქალაქი გომა

კონგოში ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის გაუჩინარების გამო, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა საქართველოს მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად, პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობით შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უსაფრთხოების სამსახურის და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით და მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება და დაზარალებულად ცნოს მფრინავის ოჯახის წევრები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სოსო ოსორაულის გაუჩინარებიდან წელიწადნახევარი გავიდა და ოჯახისთვის დღემდე უცნობია რა ზომები გაატარა სახელმწიფომ მის მოსაძებნად და სამშობლოში დასაბრუნებლად. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად გადასცა მთავარ პროკურატურას, რომელმაც დაკარგული მფრინავის ცოლს, ნინო ოსორაულს მხოლოდ 1 მაისს მისცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება, თუმცა, მისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული, რომელიც შარშან საზღვარგარეთ გაემგზავრა თავისი ძალებით ძმის მოსაძებნად, აცხადებს, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია, მაგრამ მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებს. დაკარგული მფრინავის ძმა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს საკუთარი მოქალაქისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვთ, რაც კიდევ უფრო აფერხებს გაუჩინარებულის ადგილსამყოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებას და სამშობლოში მის დაბრუნებას. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებითვე, მსგავსი დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა გიორგი ოსორაულმა საკუთარი ძალებით იზრუნოს ძმის მოძიებაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მისი მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, სასურველი შედეგით ვერ მთავრდება. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა,მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-4 მუხლით კი, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველო იცავს ქვეყნის ტერიტორიაზე და მისი ფარგლებს გარეთ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი, რომელსაც სოსო ოსორაული მართავდა, მეამბოხეებმა 2017 წლის იანვარში ჩამოაგდეს, მფრინავი კი დაატყვევეს. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სოსო ოსორაული დაღუპულია.

XS
SM
MD
LG