Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენცოვს ციხეში მოინახულებს პრეზიდენტთან მოქმედი უფლებების საბჭოს წევრი


რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სისტემამ ქვეყნის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებების საბჭოს წევრს უფლება მისცა მოინახულოს უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის ციხეში ბოლო სამი თვეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. საბჭოს ხელმძღვანელი, მიხაილ ფედოტოვი ტვიტერით წერს, რომ სენცოვის მონახულების უფლება მიენიჭა მის კოლეგას, ზოია სვეტოვას. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების ხმამაღალ კრიტიკოსს, სენცოვს 20 წლით მიესაჯა პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ის 2015 წელს რუსეთის სასამართლომ ტერორიზმის შეთქმულებაში მონაწილეობაში სცნო დამნაშავედ - რასაც თავად სენცოვი და უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად მიიჩნევენ. 42 წლის სენცოვი რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე კოლონიაშია მოთავსებული. ის მაისის შუა პერიოდიდან შიმშილობს და მოითხოვს რუსეთმა გაათავისუფლოს უკრაინის 64 მოქალაქე, რომლებსაც სენცოვი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. სენცოვი მიანიშნებს, რომ მზად არის შიმშილით მოკვდეს - აცხადებს, რომ საპროტესტო აქციას "ბოლომდე" მიიყვანს. 10 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სენცოვის საკითხი წამოჭრა სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მაკრონის ოფისის განცხადებით, პუტინმა თქვა, რომ სწრაფად გასაჯაროვდება ცნობები სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებას ევროკავშირმა მიმართა თხოვნით, სენცოვი საავადმყოფოში გადაიყვანონ. სენცოვის ადვოკატი, დმიტრი დინზე ამბობს, რომ რეჟისორი "სიკვდილისთვის მზადაა" და მას 30 კილოგრამი აქვს დაკლებული. თუმცა პენიტენციური სისტემა ადვოკატის განცხადებას უარყოფს. სისტემის წარმომადგენლების თქმით, ცნობა სენცოვის მიერ 30 კილოგრამის დაკლების შესახებ "რეალობას არ შეესაბამება" და რეჟისორი არ საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას. პუტინს სენცოვის შეწყალებისკენ მოუწოდებენ რამდენიმე ქვეყნის მთავრობები და ცნობილი ფიგურები. თუმცა კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სენცოვმა თავად უნდა მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, საიმისოდ, რომ ეს თხოვნა განიხილონ. სენცოვი ამბობს, რომ შეწყალებას არ მოითხოვს, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.

XS
SM
MD
LG