Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ განთავსდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული კამპანია და საზოგადოების მოტყუების მცდელობა უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიღმის ტყე-პარკში ახალი მშენებლობა იგეგმება. კახა კალაძის ინფორმაციით, ტყე-პარკის მომიჯნავე ტერიტორია, რომელსაც საქმიანი ზონის სტატუსი ჯერ კიდევ 2011 წელს მიენიჭა, კერძო საკუთრებაა და იქ არსებული „კია მოტორსის" ცენტრის ნაცვლად იგეგმება საინტერესო საზოგადოებრივი სივრცის შექმნა საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებით. “მე ვიქნები გარანტორი, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არც ერთი პროექტი არ განხორციელდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა. რაც შეეხება დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა ტყე-პარკში არანაირი მშენებლობა არ განხორციელდეს და ამ პირობას მერია აუცილებლად შეასრულებს. „მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობისგან" დაიცვა დიღმის ტყე-პარკი. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მაინც მოხდა ფართების გასხვისება და დიღმის ტყე-პარკის უმეტესობა, თუ მთლიანად არა, კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, ჩემი დავალებით დაწყებულია ამ ფართების გამოსყიდვა და მოხდება ლამაზი პარკის მოწყობა თავისი ინფრასტრუქტურით"- განაცხადა კალაძემ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, დიღმის ტყე-პარკს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამოეყო, გასხვისდა და იქ აშენდა „კია მოტორსის“ საავტომობილო ცენტრი. დავითულიანის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს მიმართავენ, ის განაჩენს გამოიტანს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან ეს მისი მმართველობისას მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG