38-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა იტალიის ქალაქ გენუაში, სადაც 14 აგვისტოს ჩამოინგრა საავტომობილო ხიდი. მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში რჩება ათზე მეტი ადამიანი. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს 250-ზე მეტი მაშველი სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე ტრავმები აქვს 16 ადამიანს.
ხიდის ნგრევის შედეგად დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლიდან რკინიგზაზე ჩამოვარდა რამდენიმე ათეული ავტომანქანა. იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, დანილო ტონინელიმ არ გამორიცხა, რომ კატასტროფა გამოიწვია ხიდის ტექნიკური მომსახურების ხარვეზებმა. მორანდის სახელით ცნობილი ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და ბოლო სარემონტო სამუშაოები 2016 წელს ჩაუტარდა. გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო იტალიაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.