Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანის ლიდერი კიდევ ერთხელ გამოდის აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკების ინიციატივით


ავღანეთის თალიბანის ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება მანამ, სანამ გრძელდება უცხოეთის მიერ მისი "ოკუპაცია". 18 აგვისტოს, ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულის აღსანიშნავად გავრცელებულ განცხადებაში მოლა ჰაიბატულა ახუნზადა ამბობს, რომ თალიბანი "ისლამური მიზნების" და ავღანეთის სუვერენიტეტის ერთგული რჩება. ახუნზადას თქმით, მისი ჯგუფი ითხოვს "პირდაპირ მოლაპარაკებას ამერიკასთან", რათა დასრულდეს ავღანეთში ომი. ბოლო წლებში თალიბანმა კვლავ მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები და ავღანეთის მასშტაბით აკონტროლებს ტერიტორიებს. 10 აგვისტოს თალიბანმა ქალაქ ღაზნიზე დაიწყო შეტევა, რასაც ემსხვერპლა 100-ზე მეტი სამხედრო და 30-მდე სამოქალაქო პირი. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბრძოლაში თალიბანის ათობით ექსტრემისტი დახოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG