თბილისში, ასფალტის ჩანგრევის შედეგად გაჩენილ ორმოში მოზარდის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, უახლოეს დღეებში მოკვლევა დაადგენს, რამ გამოიწვია მიწის ჩავარდნა. „არის ერთი ვარაუდი, რომ აქ მეტრო გადის და თავის დროზე, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა, მაშინ არის დატოვებული არასწორად. მეორე-შეიძლება მილის დაზიანებამ გამოიწვია. უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზუსტი მიზეზი.“- აღნიშნა კახა კალაძემ.
12 წლის მოზარდი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში ე.წ. სკეიტბორდით სრიალებდა და ორმოში ჩავარდა. იგი სტაციონარში გადაიყვანეს. მოზარდს დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა, თუმცა ქირურგიულ ჩარევა არ დასჭირვებია. შემთხვევა 19 აგვისტოს ღამით მოხდა.