Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეხვედრებს მართავს აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია


აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოში საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყეს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორის იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესი, დემოკრატიის განმტკიცება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოვება და სხვა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის თანამშრომლობის განვითარება. ეს განსაკუთრებით შეეხება მჭიდრო კოორდინაციას კონგრესში საქართველოს მხარდაჭერი საკანონმდებლო ინიციატივებისა და რეზოლუციების მიღების პროცესში და საქართველოში კონგრესმენებისა და სენატორების ვიზიტებს. ისაუბრეს ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმზე, რომელსაც პარლამენტი სექტემბრის ბოლოს გამართავს.

„ ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებაზე. ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი და მათი მხრიდან მაღალი ინტერესი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამერიკასთან ყველა დონეზე მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდიმარემ, სოფიო ქაცარავამ.

აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს 19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტი 25 აგვისტომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG