Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან აქციით აღნიშნეს 1968 წლის მოვლენების 50-ე წლისთავი


20 აგვისტოს პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა 1968 წლის მოვლენების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეულმა პირმა მიიღო მონაწილეობა. აქციის ორგანიზატორის, პროევროპული სამოქალაქო მოძრაობა "ევროპის მაჯისცემის" წარმომადგენლების თქმით, შეკრებას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - პირველ რიგში, ჩეხეთის მოქალაქეებს სურდათ ეჩვენებიათ, რომ მათ არ დავიწყებიათ 1968 წლის 21 აგვისტოს პრაღის ქუჩებში შესული საბჭოთა ტანკები და იმ მოვლენებისას დაღუპული 137 ადამიანი, და ამავე დროს უნდოდათ გამოეხატათ უკმაყოფილება რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის თაობაზე, იქნება ეს მისი სამხედრო ნაბიჯები საქართველოში, უკრაინაში, სირიაში თუ ჰიბრიდული ომი დემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ასევე საუბრობდნენ კრემლის ჩარევაზე ჩეხეთის პოლიტიკაში და მწვავედ აკრიტიკებდნენ ჩეხ პოლიტიკოსებს, მათ შორის პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რომელიც, მათი თქმით, კრემლის პოლიტიკის მიმართ შემრიგებლურ პოზიციაზეა. აქციაზე წაიკითხეს წერილი, რომლითაც ჩეხეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებს მიმართავენ და სთხოვენ გააპროტესტონ თავიანთი ლიდერების ნეოიმპერიალისტური ნაბიჯები.

აქციაზე შეკრებილებს მიმართა პრაღაში ჩამოსულმა ყირიმელი თათრების ლიდერმა, მუსტაფა ჯემილევმა. მისი თქმით, "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიო უნდა დაფიქრებულიყო, რომ [რუსეთის] შემდეგი სამიზნე შესაძლოა ნებისმიერი ქვეყანა ყოფილიყო. აგრესორი ქვეყნისთვის 2008 წელს რომ დაეკისრებინათ ისეთივე სანქციები, როგორიც ახლა, ყირიმის ოკუპირებისთვის დაუწესეს, შესაძლოა ეს ოკუპაცია არც მომხდარიყო".

მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომელთა კავშირის ლიდერმაც, ალექსანდრე პეტრიაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა რუსეთის აგრესიის გამოცდილებაზე, რომელიც ჩეხებს და ქართველებს აერთიანებს.

ქართველი სტუდენტები აქციაზე
ქართველი სტუდენტები აქციაზე

​"ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების ნახევარმა არაფერი იცის 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შესახებ, გამოკითხულთა მესამედი კი თვლის, რომ საბჭოთა კავშირი მაშინ სწორად მოიქცა.

საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენციით, 1968 წელს ბოლო მოეღო "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს ჩეხოსლოვაკიაში, დაწყებულს კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ლიდერად ალექსანდრ დუბჩეკის დანიშვნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG