Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საგანგებო წარმომადგენელს დანიშნავს ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სავარაუდოდ ქაბულში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ავღანური წარმოშობის ზალმაი ხალილზადს დანიშნავს ავღანეთში მის საგანგებო წარმომადგენლად - იუწყება მედია 22 აგვისტოს. კერძოდ, ამ ცნობას აშშ-ის ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ როიტერსი და ასოშიეიტედ პრესი - მედიის შეფასებით, ეს იქნება ნიშანი, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება თალიბანის ჩართვას და მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას ამ ხანგრძლივ ომში. აშშ-ის სამხედრო მეთაურებმა ახლახან აღიარეს, რომ პროგრესი მცირეა როგორც ბრძოლის ველზე, ისე სამშვიდობო მოლაპარაკებებში - მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ გასულ თვეში შეხვედრა გაიმართა აშშ-ის დიპლომატსა და თალიბანის ლიდერებს შორის, მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივის განსახილველად. ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ გარემოებით, რომ 17-წლიანი ომის მიუხედავად აშშ-ის ძალებს კვლავაც არ შეუძლიათ ავღანეთიდან გამოსვლა. ივნისში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ვაშინგტონმა პოლიტიკა შეცვალა და განაცხადა, რომ "მხარს დაუჭერს, დაეხმარება და მონაწილეობას მიიღებს" ქაბულის მთავრობის ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში თალიბანთან. 22 აგვისტოს ვაშინგტონმაც და ქაბულმაც გამოაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობს 4 სექტემბერს, რადგან, მათი შეფასებით, ეს მოლაპარაკება არ მოიტანს პროგრესს. რუსეთი აცხადებს, რომ თალიბანი ჩაერთვება მოლაპარაკებაში. თალიბანმა მიმდინარე წელს უარყო ქაბულის მთავრობის შეთავაზებები სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე და აცხადებს, რომ ის მხოლოდ აშშ-ს დაელაპარაკება პირისპირ - რაზეც ვაშინგტონი ამბობს უარს. ასეთ ფონზე, თალიბანმა ამ ზაფხულს გააძლიერა თავდასხმები - გასულ კვირაში მან პროვინციულ დედაქალაქ ღაზნიზე მიიტანა იერიში, რომელსაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ძალები ოთხი დღის განმავლობაში იგერიებდნენ.

XS
SM
MD
LG