Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“: ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო


ჯონ მაკკეინი საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონზე. 2017 წლის 2 იანვარი
ჯონ მაკკეინი საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონზე. 2017 წლის 2 იანვარი

„ევროპული საქართველო“ ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის განეკუთვნებოდა იმ მასშტაბის პოლიტიკოსებს, რომლებსაც დავიწყება არ უწერიათ და ღრმად კვალს ტოვებენ ისტორიაში.

„თავისუფლების დიდი ქომაგის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც მისი სამშობლოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მისი პრინციპულობა, შთამაგონებელი სიმტკიცე და ღირებულებებისადმი ერთგულება მისაბაძ მაგალითად იქცა მილიონობით ადამიანისთვის. მისი იმედი ჰქონდათ ყველგან, სადაც თავისუფლებისთვისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძოდნენ. ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, ის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა. მან განუზომელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განმტკიცებასა და საქართველოს განვითარებაში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიის დროს ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და თავის საარჩევნო კამპანიაში დიდი დრო დაუთმო ჩვენს მხარდაჭერას. მაკკეინის ფრაზა - დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ - ტონის მიმცემი გახდა არამარტო ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებისთვის. თანაგრძნობას ვუცხადებთ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG